LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კიდევ ერთხელ გამოვხატეთ შეშფოთება პროცესის ნაჩქარევად წარმართვის გამო ინკლუზიური კონსულტაციების გარეშე“ – კელი დეგნანი მმართველ გუნდს შეხვდა

89
კელი დეგნანი

„ორივე არის ძალიან მნიშვნელოვანი, სენსიტიური კანონპროექტი და იმსახურებს ფართო კონსულტაციას და დროს იმის განსასაზღვრად, რა არის საქართველოს საუკეთესო ინტერესებში“, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა პარლამენტში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. აღნიშნულით დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ კანონპროექტს, ასევე საერთო სასამართლოების შესახებ კანონს გამოეხმაურა და თქვა, რომ შეკითხვები მმართველ გუნდთან სწორედ პროექტების ნაჩქარევად განხილვასთან დაკავშირებით ჰქონდათ.

„ვაფასებთ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა შეშფოთება გამოგვეხატა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ კანონპროექტზე, განსაკუთრებით იმ დებულებებთან დაკავშირებით, რომელიც მთელი პერსონალის გათავისუფლებას ითვალისწინებს. ჩვენ გვქონდა ასევე შეკითხვები პროცესის დაჩქარებულად წარმართვასთან დაკავშირებით. კომიტეტის თავმჯდომარეებმა გაგვცეს პასუხები და ვფიქრობ, გაითვალისწინებენ ჩვენს შეშფოთებას.

ჩვენ ასევე განვიხილეთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ცვლის სასამართლო სისტემაში მოსამართლეების დისციპლინარულ პროცედურას და ასევე სხვა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შემავალი სხვა ცვლილებები. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ შეშფოთება პროცესის ნაჩქარევად წარმართვის გამო ინკლუზიური კონსულტაციების გარეშე, დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგის გარეშე. ორივე არის ძალიან მნიშვნელოვანი, სენსიტიური კანონპროექტი და იმსახურებს ფართო კონსულტაციას და დროს იმის განსასაზღვრად, რა არის საქართველოს საუკეთესო ინტერესებში,“– აღნიშნა ელჩმა.

კელი დეგნანის თქმით, კომიტეტების თავმჯდომარეებს პროცესის გადადებისკენ მოუწოდა.

„ორივე შემთხვევაში ჩვენ მოვუწოდეთ კომიტეტების თავმჯდომარეებს, რომ გადადონ პროცესი. მე მოვისმინე, რომ სასამართლო რეფორმის კონსულტაციების პროცესის დაწყება იანვარში იგეგმება. ჩვენი რეკომენდაციაა, ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა არ მოხდეს დაჩქარებულად და იყოს სრულყოფილი შეფასების ნაწილი,“- აღნიშნა ელჩმა.

პოპულარულები