გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსით ინფიცირების 8 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ,თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი განმარტებით, ინფიცირებულები სამოქალაქო პირებისთვის განკუთვნილ სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები და მათზე ხორციელდება ინტენსიური მეთვალყურეობა.
“გეგუთის შემთხვევაში, ნამდვილად დაფიქსირდა თავდაპირველად ერთი შემთხვევა. საკარანტინე სივრციდან გადაყვანილი პირი გაიტესტა რამდენჯერმე, თუმცა ორი ტესტირების შედეგად პასუხი არ დადასტურდა და მხოლოდ მესამე ტესტირების შემდეგ მოხდა დიაგნოზის დადასტურება და ის თანამესაკნეებთან ერთად უსიმპტომოა. ყველა გადაყვანილია სამოქალაქო სექტორის შესაბამის სივრცეში. ეს არის მსუბუქი შემთხვევები, ყველა მათგანი არის შესაბამისი მეთვალყურეობის ქვეშ. რაც შეეხება გეგუთში მყოფ სხვა პირებს, ისინი გადავიდნენ აქტიური ტესტირების რეჟიმში იმისთვის, რომ მოხდეს მომდევნო 8-10 დღის განმავლობაში მათი ინტენსიური ტესტირება და აღმოჩნდეს ინფექცია, თუკი მოხდა გავრცელება. ამ ეტაპზე გეგუთში 8 პირია ინფიცირებული, რომელიც გადაყვანილია სამოქალაქო სექტორში. სხვაგან არსად ინფექციის შემთხვევები დაფიქსირებული არ არის,“- განაცხადა გაბუნიამ.
ამასთანავე, როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, სხვა პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსის არსებობა არ დადასტურებულა.
„პენიტენციურ სისტემაში, ზოგადად, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ძალიან კარგად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. დიდი ნაწილი თანამშრომლების, ასევე ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების, არის ვაქცინირებული ორი დოზით. ამდენად, ინფექციის შიდა გავრცელების რისკი არის მინიმუმამდე შემცირებული”,- აცხადებს გაბუნია.