საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. მუშაობას განაახლებს საბავშვო ბაღები და გასართობი ცენტრებიც.
მიღებული გადაწყვეტილების პარალელურად, ჯანდაცვის სექტორი კვლავ მოუწოდებს მშობლებს ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.
ამის შესახებ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ და თქვა, რომ მშობლებისთვის კიდევ ერთი მოწოდება და თხოვნაა, რომ აიცრან, რადგან დღეს მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო გარემოში, თავიდან აიცილონ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება:
“ეპიდემიოლოგიური რისკები ჩვენს გარშემო, მომდევნო პერიოდის განმავლობაში, მუდმივად იქნება, მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს ისეთი პროცესების ხელშეწყობაში, როგორიც არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საკლასო გარემოში სწავლების აღდგენა.
რეგულაციები დიდი ხანია არის, ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ, დამატებითი მოთხოვნის სახით არის, პირბადის გამოყენება უკვე მცირე ასაკის ბავშვებშიც, დაბალ კლასებშიც. ადრე ჩვენ მაღალი კლასის მოსწავლეებზე ვსაუბრობდით, მოსწავლეების მიერ პირბადის გამოყენებაზე. ვაქცინაციის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი, რაც არის სკოლის თანამშრომლებს შორის, მოლოდინია, რომ მოგვცემს პრევენციის შესაძლებლობას და ასევე აქტიურად უნდა გაგრძელდეს კიდევ დამატებით თანამშრომლების და მშობლების ვაქცინაციაც.
ვინაიდან, ჩვენ დღეს მცირე ასაკის ბავშვებში ვაქცინაციაზე ვერ ვისაუბრებთ, ბუნებრივია, ყველაზე კარგი დაცვის საშუალება ბავშვისთვის არის მისი გარემოცვის ვაქცინაცია. ასე რომ, მშობლებისთვის კიდევ ერთი მოწოდება და თხოვნაა, რომ აიცრან, თუკი ჯერ ეს არ გაუკეთებიათ, რადგან ჩვენთვის დღეს მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო გარემოში, თავიდან ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება და სკოლა, რომელიც გაიხსნება, დარჩეს გახსნილი სტაბილურად, მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში. ვაქცინაცია და პირბადის გამოყენება არის ორი მთავარი გადაწყვეტა დღეს ამ სიტუაციაში.” – განაცხადა გაბუნიამ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 28 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 760 878 აცრა.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 975 028 ადამიანი, რაც ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 34.3%-ია.
სრულად ვაქცინირებულია 785 850 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 27.5%-ია.
27 სექტემბერს აიცრა 11 421 ადამიანი.
