LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი  საქართველო იყო

78

გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე დებატების გახსნის დღეს ერთ-ერთი მთავარი საკითხი  საქართველო იყო. ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებულ პრობლემებზე წევრი სახელმწიფოების მეთაურებმა ისაუბრეს.

თურქეთის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა სამხრეთ კავკასიაში რეგიონული სტაბილურობისთვის გადამწყვეტი ფაქტორია.

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მუშაობა მთიანი ყარაბახის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების დარეგულირების საკითხზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი კრიზისი, რომელსაც დღეს უყურადღებოდ დავტოვებთ, შესაძლოა ხვალ რეგიონულ ან საერთაშორისო კრიზისად გადაიქცეს,” – განაცხადა ერდოღანმა.

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას, განცხადებით, თითქმის 10 წელია, საქართველოში გაერო-ს წესდების მიხედვით ფუნდამენტური, საზღვრების ხელშეუხებლობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპები ირღვევა.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შეეხო ესტონეთის პრეზიდენტიც. ლიტვის პრეზიდენტმა კი გამოსვლის ძირითადი ნაწილი რუსეთის კრიტიკას დაუთმო. დალია გრიბაუსკაიტეს მოხსენების დროს რუსეთის დელეგაციამ დარბაზი დატოვა.

„მიუხედავად რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებისა, დაიცვას საერთაშორისო მშვიდობა, როგორც უსაფრთხოების საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, მან საქართველოზე თავდასხმით, ყირიმის უკანონო ანექსიითა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში პირდაპირი მონაწილეობით გაეროს წესდება დაარღვია. რუსეთი აგრძელებს სხვადასხვა არჩევნებში ჩარევას, კიბერთავდასხმების ორგანიზებას, და ავრცელებს დეზინფორმაციას და პროპაგანდას დაქვემდებარებული მედიის საშუალებით. მსოფლიოში სხვადასხვა რეჟიმის მიერ ძირითადი საერთაშორისო ნორმების იგნორირება ხშირად ჩვენი მხრიდან ამ დარღვევებზე არასათანადო რეაგირების გამო ხდება. ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ პასიური დამკვირვებლები,” – განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g