გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ანულირებას მოითხოვს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, შესაბამისი მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს დღეს, 15:00 საათზე მიმართავენ.
ვაშაძის თქმით, მოთხოვნის მთავარი მოტივი წინასაარჩევნოდ 600 000 ამომრჩევლის მოსყიდვაა, რომელსაც სესხების განულების პროგრამა შეეხო.
“საარჩევნო კოდექსი” პირდაპირ კრძალავს ასეთ ქმედებას. ჩვენს სარჩელში უამრავი მტკიცებულებაა წარმოდგენილი ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით, მათ შორის იმ კუთხით, რომ რაღაც თაღლითური დაპირება გაიცა 600 000 ამომრჩეველზე. ეს არის პირდაპირი მოსყიდვა. ასევე, ყველას კარგად გვახსოვს ხახვები და კარტოფილები, მეორადი ტანსაცმლის დარიგება. ჩვენ სარჩელს თან ერთვის ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნა, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ არჩევნები ტოტალური მოსყიდვის პირობებში მიმდინარეობდა. ჩემ მიერ ნახსენები ფაქტები დადასტურებულია ამ დასკვნებში,” – განაცხადა ვაშაძემ.
ოპოზიცია მიმართავს პროკურატურასაც და მოითხოვს, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე პრემიერის და თბილისის მერის წინააღმდეგ.
