პროტესტის მე-10 დღე ბორჯომში – დღეს ადგილზე სახალხო დამცველს ელოდებიან. ნინო ლომჯარია გაფიცულებთან 13:00 საათზე ჩავა.
“ბორჯომის” ორივე ქარხანა პარალიზებულია, გაფიცულები ამბობენ, რომ პროტესტი და პიკეტი არ შეწყდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
“კომუნიკაცია გვქონდა სახალხო დამცველთან, პირველი საათისთვის აპირებენ ჩამოსვლას. მანამდე ჩვენც მივწერეთ სახალხო დამცველს, რომ დაედგინა დისკრიმინაციის ფაქტები და დისკრიმინაცია რეალურად არის ბორჯომის ქარხანაში დასაქმებულთა წინააღმდეგ, შესაბამისად, ველით იმ გადაწყვეტილებას, რაც რეალობას ასახავს. პროტესტი გაგრძელდება და ეს პროტესტი იქნება უვადო, მანამ სანამ დასაქმებულთა მოთხოვნები და შრომითი უფლებები არ შესრულდება”, – თქვა პროფკავშირების წარმომადგენელმა, გიორგი დიასამიძემ.
გაფიცულები ხელფასს, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და 50 გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენას ითხოვენ.
