საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ უკრაინის დროებით რწმუნებულთან გაიმართა შეხვედრა.
დარსალიას განმარტებით უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა 5 აპრილს გამართულ შეხვედრაზე, გაფრთხილების მიუხედავად, არ წარადგინა ის მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთისთვის სანქცირებული საქონლის მიწოდება. მინისტრის მოადგილის კომენტარს უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენ კატეგორიულად მოვთხოვეთ უკრაინულ მხარეს, წარმოადგინოს აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც უკრაინელი დიპლომატის მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ იგი წინასწარ ჩავაყენეთ საქმის კურსში აღნიშნული შეხვედრის შინაარსზე“, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.
მისი განმარტებით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა მსგავსი ტიპის ბრალდებებისა და განცხადებების დესტრუქციულ ხასიათს და აღინიშნა, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად აზიანებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს, შეიცავს დიდ რისკს, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოებისა და რეპუტაციის თვალსაზრისით.
“ქართული მხარე სთხოვს უკრაინულ მხარეს, ამგვარი უსაფუძვლო განცხადებებით ნუ მოახდენს დეზინფორმაციის ინსტრუმენტალიზაციას და ნარატივების ტირაჟირებას, რაც ნამდვილად არ შედის ჩვენი ქვეყნების და ჩვენი ხალხის ინტერესებში და ხელს უწყობს გარე ძალებს დამატებითი პროვოკაციებისთვის”, – ამბობს მინისტრის მოადგილე.
აქვე, დარსალიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით, ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში.