LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით ქეთევან პაპავა, რომელიც 2015 წლიდან ვენის საბალეტო დასის პირველი სოლისტია

230
balerina

ავსტრიაში საქართველოს საელჩო ამ ქვეყანაში მცხოვრებ და მოღვაწე ქართველ ხელოვანებს გვაცნობს. ერთ-ერთი მათგანი ბალერინა გახლავთ, ვენის სახელმწიფო ბალეტის პირველი სოლისტი, ქეთევან პაპავა.

ქეთევან პაპავა 2006 წლიდან ვენის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის დასის წევრია. 2010 წლიდან ის ვენის სახელმწიფო ბალეტის სოლისტად გადაიყვანეს, ხოლო 2015 წლიდან საბალეტო დასის პირველი სოლისტია.

ქეთევან, რატომ გადაწყვიტეთ ავსტრიაში ჩამოსვლა?

როგორც ხელოვანმა და ბალერინამ გადავწყვიტე, შტრაუსის, მოცარტისა და ბეთჰოვენის სამშობლოში ჩამოვსულიყავი და ჩემი  ბავშვობის ოცნება რეალობად მექცია – ვენის სახელმწიფო ოპერის ჯადოსნურ სცენაზე შემესრულებინა ჩემთვის საოცნებო როლები. უკვე 16 წელია, სახელმწიფო ოპერის წამყვანი სოლისტი ვარ და ვცდილობ,  სიამოვნება მივანიჭო  მაყურებელს, რომელიც  ასე გულუხვად  მანებივრებს თავისი აპლოდისმენტებით.

რა მოგწონთ ყველაზე მეტად ავსტრიაში?

ავსტრია ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანაა. ვენა – ხელოვნების, მუსიკისა და რომანტიკის ქალაქი; დღესასწაული თავისი განუმეორებელი შარმით და განსაკუთრებული არქიტექტურით.

რომელია თქვენი საყვარელი ადგილი  ავსტრიაში?

მხიბლავს და მაჯადოებს ლურჯი დუნაის  წყლის ზედაპირზე მოსრიალე თეთრი გედები, ვენის ულამაზესი სასახლეები, ქვაფენილიანი ქუჩები, კაფეები, საიდანაც შტრაუსის და მოცარტის მუსიკა გიზიდავს.

რა იქნება თქვენი პერსონალური რჩევა ავსტრიაში ახლად ჩამომსვლელისთვის?

ავსტრიელებს უყვართ, როდესაც მათ ენას, კულტურას და ტრადიციებს პატივს ცემ. საოცრად მეგობრული და ღიმილიანი ხალხია. დააგემოვნეთ ტრადიციული  კერძები და შესანიშნავი ავსტრიული ღვინო. მოუსმინეთ ვენის ფილარმონიის ორკესტრის მიერ შესრულებულ კლასიკურ მუსიკას. მოინახულეთ კლიმტის, კოკოშკას, შაგალისა და სხვა ცნობილი მხატვრების ნამუშევრები. მობრძანდით ვენის სახელმწიფო ოპერაში და თქვენ ნამდვილად მიიღებთ უამრავ ემოციას და სასიამოვნო შეგრძნებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები