გაიზარდა თუ არა ბულინგი და მტრობა მოზარდებში – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ვერიკო გოჯიაშვილმა ისაუბრა.
გაიზარდა თუ არა მომართვიანობა ბულინგზე?
მოზარდების და მშობლების მომართვიანობა ძალიან გაიზარდა იმ მიზეზით, რომ სკოლა გახდა გაუსაძლისი ბავშვების ურთიერთდაძაბულობის, მტრული განწყობის და სასტიკი ფორმებით გამოხატვის გამო. სიძულვილი შობს სიძულვილს, სისასტიკე – სისასტიკეს. ვერ ხერხდება ამ მტრული წრიდან გამოსვლა და თანაგრძნობის, სიყვარულის და მეგობრობის ხაზზე გადაყვანა.
მოზარდთა უმრავლესობა ჩაგვრის და უსამართლობის მორევში იხრჩობა. არავინ ფიქრობს სიძულვილის ენის ან ქცევის სიყვარულის ენით შეცვლაზე, მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოზარდი. ბავშვებში იმძლავრა პესიმიზმმა, დეპრესიამ, სუიციდურმა აზრებმა და მცდელობებმაც კი.
ბავშვისთვის სკოლა და ხშირად ოჯახიც, ზოგჯერ უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდება. ამ დროს მშობელი დაბნეული და დაკარგულია, თითოეული ბავშვი ერთდროულად დაჩაგრულიცაა და მჩაგვრელიც. ბულინგთან გამკლავების მექანიზმად მოზარდებმა ისევ ბულინგი აირჩიეს.

გამოსავალი რაში მდგომარეობს?
ისევ და ისევ ბავშვთან სიახლოვე, მხარდამჭერი გარემო და სიყვარული. ეს სიტყვები კი ჰაერში გასროლილ სიცარიელედ რჩება, შედეგი კი უფრო და უფრო მძიმდება. იშვიათად თუ იპოვით დღეს ბავშვს, დაცულად რომ გრძნობდეს თავს. ამიტომ ბავშვებთან მუშაობა აუცილებელია.