LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია: ხოჯევანიშვილამდე გამოძიება ვერ მოვა – გამოძიება მეგობრებო! ჭორაობა და ტლიკინი კი არა, გამოძიება!

111
გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, გამოძიება მისი თანაგუნდელისა და სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილამდე ვერ მივა, რადგან ობიექტურად მას ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ყოფილმა პრემიერმა ეს განცხადება გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე საუბრის კონტექსტში გააკეთა და თქვა, რომ ხოჯევანიშვილს მასალებთან კავშირი ვერ ექნებოდა, მაგრამ „ამათი („ოცნების“) ფანტაზიებით შეიძლება ეს კოსმოსშიც აიყვანონ.“

„ამათი არაადეკვატურობის ხარისხის პროგნოზი უკვე შეუძლებელია,“– განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, ხელისუფლებაში მყოფმა პირებმა „ჭორაობა“ უნდა დაასრულონ და ღია, სერიოზული გამოძიება აწარმოონ.

„დღეს ორგანიზაცია „ოცნება“ ისეთ პანიკაშია, რომ დარწმუნებული ვარ, ყველაფერს დაგვაბრალებენ. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გვაქვს.

ამასთან დაკავშირებით ერთ რამეს ვიტყვი – დროზე გამოძიება, სერიოზული გამოძიება დაიწყონ. დღეს გამოუყვანიათ კიდევ ვიღაც ექსპერტი და აი, როგორ არ იცოდა, უნდა სცოდნოდაო, სირცხვილია ხალხო ამ ზღაპრებში ცხოვრება, ილუზიებში ცხოვრება!

გამოძიება მეგობრებო! ჭორაობა და ტლიკინი კი არა, გამოძიება! შენ რომ ასეთი კატასტროფა გემართება ქვეყანაში, შენი ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტში, იმის მაგივრად, რომ პოლიტიკურად იფიქრო როგორ დააბრალო, ვის დააბრალო, პოლიტიკურად როგორ დააკონვერტირო, ეკლესია როგორ დააზიანო, ამის მაგივრად სასწრაფოდ გამოძიება უნდა დაიწყო“, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

 

magti 5g