პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმიანება და მმართველი გუნდის მოქმედებებეს აფასებს.
როგორც გახარია აღნიშნავს, “ქართული ოცნების” “ბოსები” ისე ალაგებენ სიტყვებს, რომ გასასვლელებს იტოვებენ ყველგან”.
მისივე თქმით, მძიმე შემთხვევაა, როდესაც პოლიტიკური პარტია თავის ინტერესებში სახელმწიფო ინსტიტუტებს იყენებს და მათს კანიბალიზაციას ახდენს.
გახარიას განცხადებით, ეს ფუნდამენტური და სტრუქტურული პრობლემაა, რომლისგანაც სახელმწიფო უნდა დაიცვან:
“მე რაც მოვისმინე, “ქართული ოცნების” ბოსები ისე ალაგებენ სიტყვებს, რომ გასასვლელებს იტოვებენ ყველგან – აი, იმის თავიც არა აქვთ რომ პოზიცია ჩამოაყალიბონ. მაგალითად ამბობენ, რომ ამ მასალებში ტყუილ-მართალია. რაც ჩვენ მოგვერგება მართალს დაუძახებენ. აი, ისეთ რაღაცეებს აკეთებენ, რომ გაუგონარია უბრალოდ! სადაც უნდათ, როცა უნდათ, ამას დანაშაულს დაარქმევენენ.
ეს არის მძიმე შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური პარტია თავის ინტერესებში იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს – მას ძალაუფლების შენარჩუნების პოლიტიკური რესურსი უკვე აღარ გააჩნია და სახელმწიფო ინსტიტუტების კანიბალიზაციას ახდენს. დღეს “ოცნებამ”, რომელიც ქართული აღარ არის – ეს არის ორგანიზაცია “ოცნება”, ძალაუფლების შესანარჩუნებლად რომ პოლიტიკური რესურსი აღარ აქვს – ეს რესურსი რაღაცით ხომ უნდა ჩაანაცვლოს და სახელმწიფო ინსტიტუტებით ანაცვლებს და ამით სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადაციას – ამ სახელმწიფო ინსტიტუტების კანიბალიზაციას ახდენს. ეს არის ფუნდამენტური და სტრუქტურული პრობლემა – ამისგან უნდა დავიცვათ ჩვენ დღეს სახელმწიფო!” – აცხადებს გახარია.