მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციისა და ქვეყნის მასშტაბით კამერების მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
მისი თქმით, წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით კამერების მონტაჟი დასრულდება და 3000-მდე სხვადასხვა სახის კამერა იმუშავებს.
“ამ პერიოდში ჩვენ ეკონომიის ხარჯზე შევძელით აღგვეჭურვა თითოეული პატრული, დაახლოებით 2000 ადამიანი აღიჭურვა ახალი სამხრე კამერებით, რომლის ტექნიკური მაჩვენებლები არის სულ სხვა. ჩვენ შევძელით ბალისტიკური იდენტიფიცირებისთვის შეგვეძინა აბსოლუტურად ახალი ტექნოლიგიები და პროგრამები და ა.შ. ჩვენ ყველაფერს ვქმნით იმისთვის, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული, ასევე მათი კომფორტი და უსაფრთხოება უნდა იყოს კიდევ უფრო მაღალ ხარისხზე აწეული. აღნიშნულ კონტექსტში მინდა ვისაუბრო კამერებზე, რომელთა მონტაჟი დავიწყეთ ქვეყნის მასშტაბით და რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება. არ გავაკეთებ ამჟამინდელი მდგომარეობის შეფასებას, თუმცა ობიექტურად მინდა ვთქვა, წლის ბოლოსთვის ქვეყანაში დაახლოებით 3000-მდე სხვადასხვა სახის კამერა იმუშავებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის გამოძიების ეფექტურობას,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამ წუთებში საპროცედურო საკითხთა და წესების, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატების ნაწილს უსმენენ.