LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარიას „გაფუჭება“ ხელს აძლევს, როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე „ნაციონალურ მოძრაობას“ – ვინ “შეკერა” გახარია-სააკაშვილის შეხვედრის თემა

1645
45454545

ბოლო 2 დღეში, საზოგადოებამ წინასაარჩევნოდ ჩატარებული 2 კვლევის შედეგები იხილა.

„მთავარი არხის“ დაკვეთით კვლევა IPSOS-მა ჩაატარა, ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით საზოგადოებრივი აზრი “Edison Research”-მა გამოიკითხა.

შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე IPSOS -ის კვლევის მიხედვით ამომრჩევლის 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 23% „ნაციონალურ მოძრაობას“, 8% კი გიორგი გახარიას მიერ ახლადშექმნილ პარტიას – „საქართველოსთვის“.

თითქმის იდენტურია სახელისუფლებო პარტიისა და ნაციონალური მოძრაობის მონაცემები “Edison Research”-ის კვლევის შედეგებში, ხოლო გახარიას პარტიამ მნიშვნელოვნად მაღალი შედეგი აჩვენა: ქართული ოცნება – 32%; ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – 24%; გიორგი გახარია – საქართველოსთვის – 13%;

„ოცნება“ - 32%, ენმ - 24%, „საქართველოსთვის“ - 13%, „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 4%, „ლელო“ - 4% : Edison Research

ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

კვლევებით „სტრატეგია აღმაშენებელს“ ერთ შემთხვევაში 2%, მეორე კვლევის მიხედვით 4 % აქვს. პარტიის ლიდერი, გიორგი ვაშაძე  მიიჩნევს, რომ IPSOS-მა მისი პირადი რეიტინგი დამალა.

ეს პირველი კვლევაა, რომელიც ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში მეორედ მოსვლის შემდეგ ჩატარდა.

რაზე მეტყველებს აღნიშნული შედეგები და ნიშნავს თუ არა, რომ ბოლო არჩევნების შემდეგ, გახარიამ ხმები „ქართულ ოცნებას“ წაართვა, ამ კითხვით „ფორტუნამ“ ექსპერტებს მიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ დიდი ალბათობით კვლევა ზუსტი არაა.

 

 

„პროცენტებზე საუბარი ცოტა რთულია იმიტომ, რომ ცდომილების შანსიცა  და მეტნაკლებად მიკერძოებულობაც არის ხოლმე ასეთ კვლევებში.

გახარიას შემოსვლა პოლიტიკურ სპექტრში გარკვეულ დისონანს რომ გამოიწვევდა, ამას კვლევა ნამდვილად არ სჭირდებოდა.

პირადად მე მგონია, რომ გახარიას რეიტინგი 5 % პროცენტში მერყეობს, არ ვიცი 8% რამდენად სწორია.

ზოგადად ვთვლი, რომ ოპოზიციამ და პატარა პარტიებმა ელექტორატი კი არ შეიძინა, ელექტორატი დაკარგა, რადგან აღმოჩნდნენ იმ ორბიტაზე, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“. – აღნიშნა ძაბირაძემ „ფორტუნასთან“ საუბარში.

 

რატომ გაიზარდა „ნაციონალური მოძრაობის“  მხარდამჭერთა რიცხვი

 

„სადავო თემაა, „ნაციონალურ მოძრაობას“ 20% აქვს, 23%, თუ ცოტა უფრო ქვევით არის მათი რეიტინგი.

გავიხსენოთ „ევროპულ საქართველოს“ რამდენი უჭერდა მხარს, არჩევნებამდე. „ევროპული საქართველოს“ ელექტორატი მიდის „ნაციონალური მოძრაობისკენ“.

წინა გამოკითხვასთან შედარებით „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი, რა თქმა უნდა, გაიზრდებოდა სწორედ ამის ხარჯზე.

ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები იყოს 32% "ოცნებას", 23% ენმ-ს, 8% კი გახარიას პარტიას მისცემდა ხმას: IPSOS

"მთავარი არხის" ინფორმაციით, კვლევა ჩატარებულია "მთავარი არხის" დაკვეთით ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ.

ახლა ამ გამოყოფის შემდეგ არჩევნების შემდეგ ელექტორატი „ევროპულმა საქართველომ“ დაკარგა, მაგრამ მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ.

გიორგი ვაშაძის ელექტორატიც გარკვეულწილად სწორედ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული ელექტორატია.

აქ ყველაზე საინტერესოა, „ლელოს“ ელექტორატი (IPSOS-ის კვლევით, მათ გამოკითხულთა 2% უჭერს მხარს),  რომელიც თითქოსდა არ უნდა ყოფილიყო მიბმული „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

არ მგონია, „ქართული ოცნება“ 32 %-ზე იყოს ჩამოსული. გახარიამ მართალია წაიღო  „ოცნების“ ხმები, მაგრამ ძალიან საეჭვოა, რომ „ოცნებას“ მხოლოდ 32 % უჭერდეს მხარს.

გახარიამ ძირითადად „ქართული ოცნებისა“ და პატარა პარტიების ხმები წაიღო.

ვაშაძემ და სხვა პარტიებმა იმის მაგივრად რომ ხმების დაბრუნებაზე იზრუნონ, ამბობენ, რომ ხმები მოპარეს. ამას არავინ უშლის, მაგრამ რეალურად ხომ უნდათ, რომ მეტი ხმები აიღონ? ამისთვის მუშაობაა საჭირო“. – აღნიშნა ძაბირაძემ.

 

ქართველ ამომრჩეველს არ მოსწონს რადიკალური ქმედებები

 

„მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა იყო, რომელიც მეტნაკლებად დისტანცირებული იყო „ნაციონალური მოძრაობისგან“, „გირჩი“ და „მოქალაქეები“.

ბოიკოტში იყვნენ, მაგრამ დისტანცირებულად. არასდროს ვითვალისწინებთ, რომ რადიკალიზმი დღეს არ არის ქართული ელექტორატის მოთხოვნა.  ელექტორატი ეძებს იმ ძალებს, რომლებიც არ იქნებიან რადიკალური თავიანთ ქმედებებში“. – ამბობს ძაბირაძე „ფორტუნასთან“.

 

გახარია სააკაშვილის შეხვედრა-არშეხვედრა

 

„თუ გახარიას და სააკაშვილს შეხვედრა უნდოდათ კონფიდენციალური, ერთ სასტუმროში რატომ გაჩერდებოდნენ?

იმდენად გულუბრყვილოა ეს ყველაფერი, სერიოზულად ვერც განვიხილავ.  ჩემთვის იმდენად თეთრი ძაფით არის შეკერილი ყველაფერი, წარმოუდგენელია მათი შეხვედრის დაჯერება.

ვიდეო: არაფერი მე დასამალი არ მაქვს - რას ამბობს გახარია სააკაშვილთან შეხვედრაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე

„ოცნებას“ წლების განმავლობაში ისეთი ჟინით რომ ებრძოლა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, დღეს სხვა რეალობა გვექნებოდა - გახარია

არ ვიცი ეს შემთხვევითობა იყო თუ არა, მათი ერთ სასტუმროში გაჩერება. მე ვიცი ერთი რამ. როდესაც ორ ადამიანს უნდა კონფიდენციალური შეხვედრა, ისინი ხვდებიან ისე, რომ ამან არ მიიქციოს მედიის ყურადღება.

გახარიამაც მშვენივრად იცოდა, რომ ჟურნალისტები მისი იქ ყოფნით დაინტერესდებოდნენ და საააკშვილმაც და ერთ სასტუმროში აიღეს ნომრები, რომ მოლაპარაკებები დაეწყოთ?“- აღნიშნავს ექსპერტი.

 

ვინ შეკერა თეთრი ძაფით გახარია – სააკაშვილის შეხვედრის ამბავი

 

„ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს, მაგრამ მარტივად გეტყვით, გახარიას გაფუჭება ხელს აძლევს, როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე „ნაციონალურ მოძრაობას“. გულუბრყვილო უნდა იყო, რომ დაიჯერო თეორიები, რომ კონფიდენციალური შეხვედრა ჰქონდეთ ადამიანებს და ერთ სასტუმროში იმიტომ ცხოვრობდნენ“. – განმარტა ძაბირაძემ.

 

 

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ კვლევაზე დიდი ალბათობით დამკვეთმა („მთავარმა არხმა“) მოახდინა გავლენა.

„ასეთ კვლევებზე ხშირად არის ხოლმე დამკვეთის გავლენა. ამ შემთხვევაშიც შეიძლება ასე მოხდა და ამიტომ, რაც უფრო მეტი იქნება კვლევა, მით უკეთესი იქნება“. – აღნიშნა საყვარელიზემ. 

გახარიამ ოცნებას 8 პროცენტი წაართვა?

 

„არაა აუცილებელი ეს ვივარაუდოთ. გახარია ცდილობს, რომ იყოს მესამე და ორ პოლუსს შორის დაიკავოს ადგილი, შეიძლება ისიც ვივარაუდოთ, რომ მათი ხმები აიღო, ვინც არ იღებდა არჩევნებში მონაწილეობას და შეიძლება მას წართმეული ხმებიც არ ჰქონდეს.

ამ რვა პროცენტში, შეიძლება პასიური ამომრჩეველიც იყოს.  ამ შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, რვა პროცენტი „ოცნებისთვის“ დაკლებული არაა.

ადრე ჩატარებულ კვლევებში ყოველთვის ნაკლებია ხმები და მერე მატულობს ხოლმე, ბევრი ამომრჩეველი ბოლო მომენტამდე ვერ წყვეტს, ვის მისცემს ხმას“. – განმარტა ექსპერტმა.

17 ივნისს ჯერ არ იყო გავრცელებული ამბავი, რომ ვაშინგტონში, სავარაუდოდ, გახარია სააკაშვილის შეხვედრა მოხდა, როგორ შეიძლება აისახოს გავრცელებული ინფორმაცია პარტიების რეიტინგზე.

„გახარიას მომხრეები ამბობენ, შეხვედრა არ მომხდარაო, „ნაციონალური მოძრაობაც“ იგივეს ამბობს. და მხოლოდ „ოცნება“ აკეთებს აქცენტს, რომ ეჭვები უფრო გაუმძაფრდა გახარიასთან დაკავშირებით.

„ოცნების“ მიზანი იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარია დაეახლოვებინა, ალბათ ვიღაცაზე ეს უდაოდ იქონიებს გავლენას.

არჩევნებამდე ორ თვეზე მეტი რჩება. ზაფხულის ორი თვე ცოტა არაა. ზაფხული პოლიტიკისთვის მკვდარი სეზონია, მაგრამ ფიქრის საშუალება ადამიანებს აქვთ.

რაც შეეხება  მდგომარეობას, რაც შექმნილია, შავი პიარი მოქმედებს, ხოლმე, მაგრამ ხმები აკლდება იმას, ვისზედაც პიარია მიმართული, ამ შემთხვევაში გახარიაზე, მაგრამ იმასაც აკლდება ხმა, ვინც ამ შავ პიარს იყენებს.

შეიძლება „ოცნებამ“ ამ შავი პიარით ცუდი საქმე გაუკეთოს თავის თავს, თუ ზედმეტი მოუვიდა.

ბევრი რამ ამ შემთხვევაში პიარის ხარისხზე და რაოდენობაზეა დამოკიდებული“. – განმარტავს ექსპერტი „ფორტუნასთან“.

 

ფოტო: გიორგი გახარიას ოფიციალური ფეისბუქ გვერდი

 

 

mazda magti 5g