“ლელო-საქართველოსთვის” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე „ქართულ ოცნებას“ საჯარო საუბრისკენ მოუწოდებს. ამბობს, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ აზრთა ჭიდილში იბადება. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, “ოცნება“ არ დადის დებატებზე, არ დადის ოპოზიციურ მედიაში, ხოლო ოპოზიციას ტელეკომპანია „იმედზე“ და სხვა სახელისუფლო არხებზე კარი აქვს ჩაკეტილი. “ვინ მიგვიღებს ევროკავშირში თუ ერთმანეთს ტელევიზიაში არ ვესაუბრებით?!” – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
“როგორც ამერიკის ერთ-ერთმა პრეზიდენტმა თქვა, დებატები დემოკრატიის გარანტიააო. ამ დროს საქართველოში მედია ისე, როგორც საზოგადოება, ორადაა გახლეჩილი, არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ „ოცნება“ არ დადის დებატებზე, არ დადის ოპოზიციურ მედიაში. ოპოზიციას კარი აქვს ჩაკეტილი ტელეკომპანია „იმედზე“ და სხვა სახელისუფლო არხებზე.
“არ ეწყობა დებატები, არ მიმდინარეობს დიალოგი, რადგან ხელისუფლებას არ აქვს პასუხი მწვავე კითხვებზე, ვერ ხედავს პრობლემების გადაწყვეტის გზებს და არ აქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა. ვინ მიგვიღებს ევროკავშირში თუ ერთმანეთს ტელევიზიაში არ ვესაუბრებით, თუ საკუთარ ნაჭუჭში ვიკეტებით და მხოლოდ მომხრეებთან ვგრძნობთ თავს კომფორტულად?! ხელისუფლებას მოვუწოდებთ – გახსენით ტელევიზიები, დავიწყოთ დებატები, დაგველაპარაკეთ პირისპირ და საჯაროდ ხალხის თვალწინ და თვალი გაუსწორეთ რეალობას! მხოლოდ კამათსა და მხოლოდ აზრთა ჭიდილში დაიბადება ჭეშმარიტება და დავინახავთ გამოსავალს”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
