LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გალარება იწყება: დოლარში აღებული სესხების გალარება 10%-ში მოხდება

108

დღეიდან სესხების გალარების პროგრამა დაიწყო. კომერციული ბანკები 17 იანვრიდან 5 დღის განმავლობაში დაუკავშირდებიან იმ კლიენტებს, ვისაც სესხების გალარების პროგრამა ეხება.

„საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2015 წლის 1-ელ იანვრამდე აშშ დოლარში გაცემული სესხების გალარების ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ. ანუ, თუ ვინმეს ჰქონდა სესხი აღებული 2015 წლის 1-ელ იანვრამდე და გააჩნია ნაშთი ან იმავე ბანკში, ან ახლა არის გადასული სხვა ბანკში, პოტენციურად ეხება ეს აქცია. სულ ასეთი სესხი არის 33 000. თუ მსესხებელს გააჩნია 40 000-ზე მეტი ოდენობის სესხი, მაშინ მას შეეხება ნაწილობრივ სუბსიდირება ანუ 40 000 დოლარის ფარგლებში ეხება სუბსიდირება. თუ მსესხებელს აქვს სესხი 100 000 დოლარზე მეტი, დღეის მდგომარეობით, ის ამ პროგრამაში ვერ მიიღებს მონაწილეობას. ამასთანავე, სუბსიდირება არ შეეხებათ მათ, ვისი შემოსავალიც არის 100 000 ლარზე მეტი 2015 წლის მდგომარეობით. პროგრამის ფარგლებში დასაშვებია პორტირება ანუ თუ სხვა კომერციული ბანკი გვთავაზობს უკეთეს პირობებს, ვიდრე მომსახურე ბანკი, მაშინ პორტირება დასაშვებია და შეიძლება გადავიდეთ იქ, სადაც უკეთესი პირობები გვექნება“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა. მისივე თქმით, პროგრამა იწყება დღეს და 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა კი ყველას, ვისაც სესხების გალარების პროგრამა ეხება, მასში მონაწილეობას ურჩევს. ფინანსთა მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ გალარების პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მასში მონაწილეობით მსესხებელი საკუთარი დოლარში არსებულ სესხის ლარში გადაყვანას შეღავათიანი პირობებით შეძლებს და წინსწრებით დაფარვის საკომისიოს არ გადაიხდის.

გარდა ამისა, გაგუა განმარტავს, რომ ბანკის პროცენტი იქნება საბაზრო და თუკი მისი მომსახურე ბანკის პირობები მსესხებელს არ დააკმაყოფილებს, მას შეეძლება სათანადო ხელშეკრულება იმ საფინანსო ორგანიზაციაში გააფორმოს, რომელიც მის ინტერესებს უკეთ დააკმაყოფილებს. ნიკოლოზ გაგუას თქმით, გალარების პროგრამა მას არ შეზღუდავს პარტნიორი ბანკის არჩევაში.

”კომერციული ბანკები გალარებულ სესხებს გასცემენ არსებული საბაზრო პროცენტით. მაგალითად, დღეის მდგომარეობით, ლარით გაცემული ცვლად პროცენტიანი იპოთეკური სესხების საბაზრო პროცენტი 10%-ის ფარგლებშია. დღევანდელი პირობებით, აღნიშნული პროცენტის გაზრდა მოსალოდნელი არ არის. მით უფრო, რომ საქართველოს საბანკო სექტორში კონკურენციაა”, – აცხადებს ნიკოლოზ გაგუა.

არასამთავრობო ორგანიზაცია კი „საზოგადოება და ბანკები“ სესხების გალარებასთან დაკავშირებით, მომხმარებლებს უფასო კონსულტაციას სთავაზობს. მათი ინფორმაციით, მოქმედებს ცხელი ხაზი: 240 05 05, რომელზეც ბანკების მომხმარებლებს შეუძლიათ დარეკონ და მიიღონ რჩევები. ასევე შესაძლებელია პირადი კონსულტაცია ორგანიზაციის საბანკო პროდუქტების ექსპერტებთან.
მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ, ესტუმრონ ვებგვერდს www.gaige.ge, თავად დათვალონ სესხი კალკულატორის მეშვეობით და გაიგონ ღირს, თუ არა სესხის აშშ დოლარიდან ლარში გადატანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g