LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გალარება: როგორ უნდა მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება?

151

მათ, ვისაც სესხი დოლარში გაქვთ აღებული, დღეიდან 5 დღის განმავლობაში ბანკისგან ზარს უნდა ელოდოთ.

კომერციული ბანკები დაუკავშირდებიან მხოლოდ იმ კლიენტებს, ვისაც გალარების პროგრამა ეხება.

გალარება – ეს სახელმწიფოს მხრიდან ახალი პროგრამაა, რომელიც დოლარში აღებული სესხების ნაწილის ლარში გადაკონვერტირებას გულისხმობს, თანაც მომხმარებლისთვის მისაღები კურსით.

სესხების გალარება მოხდება გალარების დღეს არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრი.

 

როგორ უნდა მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება ?

მას შემდეგ, რაც ბანკი დაგიკავშირდებათ და კონკრეტულ საპროცენტო განაკვეთს შემოგთავაზებთ, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რამდენად მომგებიანი იქნება ეს შეთავაზება.

ამაში კი დახმარებას „საზოგადოება და ბანკების“ კონსულტანტები გაგიწევენ, უფასო ცხელი ხაზის –240 05 05  მეშვეობით.

მათი ზოგადი რჩევაა, ის რომ სესხი სასურველია იმ ვალუტაში, რომელშიც შემოსავალი გაქვთ, თუმცა ორგანიზაციის დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე გირჩევთ,  რომ ამ პროგრამაში ჩართვამდე, სხვა პირობებიც გაითვალისწინოთ.

ეს პირობებია: სესხის ვადა, ოდენობა და შემოთავაზებული საპროცენტო განაკვეთი.

 „ცალსახად ყველა სესხზე ერთნაირად იმის თქმა, ღირს თუ არა გალარება არ შეიძლება. ეს იმ ფაქტორზეა დამოკიდებული როგორიცაა სესხის ვადა, ოდენობა, შემოთავაზებული პროცენტი.შესაბამისად, ჯობს რომ ყველამ ინდივიდუალურად განიხილოს საკუთარი სესხი და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. ამიტომ ვთავაზობთ მსესხებლებს სატელეფონო კონსულტაციებს. კარგია თუ სხვადასხვა  ბანკის შეთავაზებებს გაიგებენ – თუ რამდენ პროცენტში შესთავაზებენ, იქნება თუ არა ეს ცვლად განაკვეთზე მიბმული. მომხმარებელმა, კარგი გაგებით, ბანკებთან ვაჭრობა უნდა შეძლოს, იმისთვის რომ საუკეთესო საპროცენტო კანაკვეთი მიიღონ. ამ ეტაპზე გალარების აქციაში არ არის გათვალისწინებული პირგასამტეხლო“, – განაცხადა კეპულაძემ.

 

რა უარყოფითი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს გალარებამ?

ექსპერტები საუბრობენ, იმაზე რომ შესაძლოა, ლარში სესხების საპროცენტო განაკვეთმა მოიმატოს, თუმცა არა საგანგაშოდ. კეპულაძის მოსაზრებით, ამას ქართულ საბანკო სექტორში არსებული კონკურენცია დაარეგულირებს.

„ის რომ რეფინანსირების განაკვეთზე იქნება მიბმული სესხები და შესაბამისად, შესაძლოა ეს რეფინანსირების განაკვეთი ინფლაციური მოლოდინების გამო, თვის ბოლოს გაიზარდოს, არ არის გამორიცხული, რომ ლარში სესებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთმაც მოიმატოს“, – განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

 

პოპულისტური ნაბიჯი?

ექსპერტი ირაკლი ხომასურიძე კი ფიქრობს, რომ ამ პროგრამის ამ ფორმით განხორციელება უფრო პოპულისტური ნაბიჯია, ვიდრე პრობლემების გადაჭრის გზა.

მისი თქმით, აუცილებელია გლობალურად ფიქრი და იმ მიზეზების აღმოფხვრა რის გამოც, ქართულ ეკონომიკას და შესაბამისად ლარის კურსსაც დიდი პრობლემები აქვს.

„შეიძლება მსესხებლების იმ ნაწილს, რომელთაც ეხებათ პროგრამა, ეს რაღაცაში წაადგეთ, თუმცა გლობალურ ეფექტს არ უნდა ველოდოთ. ეს იგივეა, რომ ადამიანს სიცხე და სიმსივნე ჰქონდეს, ექიმი კი მას ლუმინალით მკურნალობდეს. ამას მიზერული ეფექტი ექნება ზოგად ეკონიმიკაზე. შეზღუდულია სესხების რაოდენობა, შესაბამისად, მსესხებლებზე მასობრივად გავლენას არ მოახდენს და ლარის კურსზე კიდევ უფრო ნაკლებად იმოქმედებს“, – განაცხადა ირაკლი ხომასურიძემ.

ხომასურიძემ “ფორტუნასთან” საუბრისას აღნიშნა, რომ აუცილებელია ეკონომიკის სტიმულირება მოხდეს: „სწორედ ეს არის ამომავალი წერტილი, მიზეზის განკურნება და არა შედეგის“.

მთავარი პრობლემების მოგვარების შემდეგ კი, ასეთი პროგრამების განხორციელების აუცილებლობა აღარც დადგება.

გალარების პროგრამა ითვალისწინებს ფიზიკური პირების უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი აშშ დოლარით დენომინირებული საბანკო სესხების ნებაყოფლობით გალარებას. პროგრამა ერთჯერადია და 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

თამთა უთურგაშვილი

 

mazda magti 5g