LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამაფრთხილეს, ჟურნალისტებს არ ელაპარაკებაო, უნდა მთელი ენერგია ფილმს მოახმაროს..მაინც მოვედი, მოვუტანე წერილი, რომელიც მას დედამ, ნატო ვაჩნაძემ 13 წლის ასაკში მისწერა..ამას ხომ მაჩუქებო მკითხა! გულის ჯიბეში შეინახა“ – ემოციური ისტორია ლეგენდარულ ელდარ შენგელაიაზე

1323
BeFunky-collage (2)

ჟურნალისტი ზაკ მირიანაშვილი რეჟისორ ელდარ შენგელაიასთან დაკავშირებით ემოციურ ისტორიას იხსენებს.

ამის შესახებ მირიანაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ლეგენდარულ რეჟისორთან კომუნიკაცია ჯერ კიდევ მაშინ შედგა, როცა ის 14 წლის იყო. შემდეგ კი რეჟისორმა ის იუბილეზეც კი დაპატიჟა.

ბევრი წლის შემდეგ ზაკ მირიანაშვილი და ელდარ შენგელაია ერთმანეთს ისევ შეხვდნენ. ამჯერად, ზაკმა ბატონ ელდარს დედის წერილი გადასცა.

„გულაჩუყებული ვარ და მგონი ამის მიზეზი მაქვს – მეორე ფოტოზე ელდარ შენგელაიას  უკან საშინლად გამხდარი ბიჭი მე ვარ, 14 წლის ვიყავი გურჯაანში „ნატო ვაჩნაძის ხსოვნის კვირეული“ რომ ჩავატარე მეგობრებთან ერთად, ჩამოვიდა, ძალიან მოეწონა ღონისძიება და თქვა, ამ ახალგაზრდების გაკეთებულ საქმეს რომ ვუყურებ, ასე მგონია დღეს ნატო ცოცხალიაო. რამდენიმე თვეში 80-ის ხდებოდა, უცებ მირეკავენ მუნიციპალიტეტიდან, რამდენიმე მოსაწვევი ჩამოვიდა თბილისიდან, ელდარი იუბილეზე შენც გეპატიჟებაო. ალბათ წარმოიდგენთ ეს ჩემთვის რას ნიშნავდა, რა დამავიწყებს მის ასეთ ჰუმანურ საქციელს, 14 წლის ბიჭი არ დაივიწყო, ვინც იმ პროექტის იდეის ავტორი იყო. ასე აღმოვჩნდი მის იუბილეზე. მაშინ პირველად ვიფიქრე რომ როდისმე შესაძლოა კინოსთან ახლოს მივსულიყავი! მას მერე წლები გავიდა.

დღეს ელდარი 91 წლის გახდა და ახალი ფილმის გადაღებაც დაიწყო, ბოლო დროს  ინტერვიუები არ უყვარს, უნდა მთელი მისი ენერგია ფილმს მოახმაროს, გამაფრთხილეს კიდეც, ჟურნალისტებს არ ელაპარაკებაო. მაინც მოვედი, მოვუტანე წერილი რომელიც მას დედამ, ნატო ვაჩნაძემ 13 წლის ასაკში მისწერა, მორიდებულად ვუთხარი, მინდა ერთი წერილი გადმოგცეთ თქვენი ბავშვობიდანთქო. რომ გახსნა როგორი ემოციაც ჰქონდა ამას თქვენც მიხვდებით, ამას ხომ მაჩუქებო მკითხა! გულის ჯიბეში შეინახა და ასე გააგრძელა გადაღება, ინტერვიუც მომცა. გადაღება რომ გაასრულა დერეფანში შემხვდა და მითხრა, იმ წერილმა ენერგია მომცაო და ასე გამომემშვიდობა.

ის სიკეთე რომელიც 14 წლის ასაკში გამიკეთა, თუნდაც სულ მცირედით თუ უკან დავუბრუნე დიდ გენიოსს ძალიან ბედნიერი ვარ. ასეთი კაცია ელდარ შენგელაია, რომელიც სულ იქნება ჩვენს კინოში როგორც ბევრი საუკეთესო რამის მაგალითი. დანარჩენს სიუჟეტში მოგიყვებით დილა მშვიდობისა საქართველო

ელდარის გადაღების პირველი დღის ქრონიკები და იუბილარი გენიოსი“ – წერს ჟურნალისტი და ფოტოებს გვიზიარებს.

 

 

 

 

 

„დღეგრძელობა ლეგენდას“ – ელდარ შენგელაია იუბილარია: როგორ ულოცავს შვილიშვილი ბაბუას დაბადების დღეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები