LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამორჩეული საშობაო ბაზრობები – „ბონ ვოიაჟი“

251
ბონ ვოიაჟი

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად მოგზაურობა, განტვირთვა და საჩუქრები აქტუალური ხდება. ბევრი მსგავსების მიუხედავად, ზოგიერთი ქალაქი დღესასწაულის მოყვარულებს განსაკუთრებულად იზიდავს. ბონ ვოიაჟი“ წარმოგიდგენთ მსოფლიოს გამორჩეული საშობაო ბაზრობების ჩამონათვალს, თუმცა აქვე იმასაც დავამატებ, რომ ეს ყველაფერი მაინც გემოვნების ამბავია და შესაძლოა თქვენი ფავორიტი სხვა აღმოჩნდეს.

კიოლნი

გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბაზარი, კიოლნის კოლნერ დომია (Kolner Dom), რომელიც იუნესკოს სიაში შეტანილი ტაძრის ჩრდილშია გაშლილი. ბაზრის გული კი მისი თვალწარმტაცი და გიგანტური ნაძვის ხეა, რომელიც გარშემორტყმულია ათობით მინი ქოხებით, ხოლო სცენა ასზე მეტი სპექტაკლის ადგილია სადღესასწაულო სეზონზე.აქ ყინულის მოედანი,უამრავი საშობაო სუვენირი და გემრიელობებით სავსე ბაზრობა გელით.

ქალაქში კიდევ ექვსი ბაზარია, რომელთაგან ყველაზე დიდია ჰენზელის ზამთრის ზღაპარი.

მათთვის კი, ვისაც ტრადიციული გერმანული სამზარეულო და საშობაო კერძების დაგემოვნება სურს, საუკეთესო ე.წ. ნიუმარკეტია. სანამ მშობლები ერთობიან აქ პატარებს საუცხოო ვორქშოპები ელით ცნობილი წმინდა ნიკოლასის სოფელში სახელად რუდოლფპლაცში.

ვენა

ვენის საშობაო ბაზრობა მე-13 საუკუნიდან იღებს სათავეს და დღეს ის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმულია. მათ შორის ყველაზე პოპულარულია  ჯადოსნური ბაზრობა რატჰაუსზპლატცში (Rathausplatz). 145-ზე მეტი საშობაო სახლი, რომელიც ქმნის ერთგვარ ქსელს, ჯადოსნური  განათებებით, საუცხოო სუვენირებით,გემრიელი ტკბილეულითა და რა თქმა უნდა ცხელი გლინტვეინით. თუ ბავშვებთან ერთად ხართ მათთვის ფუნქციონირებს სპეციალური საბავშვო ზონა, სადაც მათ შეუძლიათ ისწავლონ ნამცხვრების და სანთლების დამზადება.

გამორჩეულია ბელვედერის სასახლესთან გაშლილი საშობაო ბაზრობა, ორი ბაროკოს სასახლის კომპლექსითა და დიდი ბაღებით გარემოცული. მოკლედ ვენაში წინასაშობაო ნამდვილი ზღაპარი გელით.

სტრასბურგი

ჩრდილოეთ საფრანგეთის ეს შესანიშნავი  ქალაქი იდეალურ გარემოს ქმნის საშობაო ბაზრობისთვის, რომელიც პირდაპირ ფილმიდან ამოჭრილ კადრს მოგაგონებთ. საშობაო სოფელი თავისი ხის ჩარჩოიანი ქოხებით, იმდენად კარგად ერწყმის ქალაქის შენობებს თითქოს საუკუნეების განმავლობაში მისი ნაწილი იყო.

სტრასბურგის უძველესი ბაზარი თარიღდება 1570 წლით და გაშლილია კათედრალისა და ბროგლის მოედნების გარშემო, ის საუკეთესო არჩევანია როგორც საკვებისთვის, ასევე საჩუქრებისთვის, აქ დააგემოვნებთ ტრადიციულ ჯანჯაფილს, რომლის წარმოებითაც სტრასბურგი ცნობილი გახდა. მას აქ ფრანგულ კერძებთან ერთად ყველგან შეხვდებით.

სტრასბურგის საშობაო ბაზრობებზე ნაკლები აქცენტია უცხოურზე და მეტი ყურადღება ადგილობრივ პროდუქციას ეთმობა. მაგალითად, მუნიერის მოედანზე მხოლოდ მცირე მეწარმეების პროდუქციას იხილავთ და შეიძენთ,რომლებიც მხოლოდ ადგილობრივები არიან.

ნიუ-იორკი

ამერიკის უმთავრესი საშობაო ადგილი, რომელიც პირდაპირ ასოციაციას იწვევს ცნობილი საშობაო ფილმებისა, როგორიცაა მარტო სახლში, სასწაული 34-ე ქუჩაზე და სხვა. ქალაქი განსაკუთრებით საშობაო პერიოდში ნამდვილი ზღაპარია,ჰაერში მოფარფატე თოვლის ფიფქებითა და მის თავზე გაბრწყინებული ცათამბჯენებით.

ნიუ-იორკის რამდენიმე ბაზარი მდებარეობს მისი მთავარი ღირსშესანიშნაობების სიახლოვეს. ერთ-ერთი ასეთი ადგილი გრანდ ცენტრალ ტერმინალია, სადაც დიდი შიდა ბაზრობა სტუმრებს სთავაზობს საჩუქრების უზარმაზარ ასორტიმენტს, დაწყებული ტანსაცმლითა და სამკაულებით, დამთავრებული სათამაშოებით და დეკორაციებით. ასეთივეა ბრაიენ პარკი, რომელსაც ემპაიერ სთეით ბილდინგის ძირშია. აქ ხის სადგომები ჩანაცვლებულია პატარა შუშის ბუტიკებით, რომლებიც ყინულის მოედანზეა განლაგებული.

ცოტა უფრო ტრადიციული სანახაობებისთვის უნდა ეწვიოთ, ერთობის მოედანს, ან კოლუმბის წრეს. ეს ის ადგილია, სადაც ხის ქოხები და მოციმციმე შუქები დგას და გლინტვეინისა და ბრატვურსტის სურნელი ავსებს ჰაერს. აქ ასევე ადგილობრივი მხატვრების საოცარ ნამუშევრებსაც იხილავთ.

პრაღა

რომანტიული ჩეხეთის დედაქალაქი განსაკუთრებულია საშობაო პერიოდში. ნისლიანი და თოვლიანი ამინდები კიდევ უფრო ლამაზს ხდის ამ გარემოს. პრაღა ფაქტობრივად სრულად სადღესასწაულო ფონს ქმნის, თუმცა მთავარ მოედანზე გაშლილი საშობაო ბაზრობა ნამდვილად არის მიზეზი იმისა,რომ ამ პერიოდში ერთხელ მაინც ესტუმროთ მას.

ტრადიციული ჩეხური ლუდი,ტკბილეული და შემწვარი ხორცის კერძების სურნელი ამ ბაზრობის თანმდევია.

ძველი ქალაქის მოედნის მოკირწყლულ ქუჩებზე გაშლილი ბაზარი ყველაზე დიდია პრაღაში, სადაც ათობით საშობაო ქოხი იშლება ქალაქის ასტრონომიული საათისა და ტინის ეკლესიის გვერდით. სადგომებს შორის ნახავთ შობის სცენებს და თეატრალურ და საშუალება გექნებათ დაესწროთ მუსიკალურ სპექტაკლებს.

ნიურნბერგი

მიუხედავად იმისა, რომ ფრანკფურტი და ბერლინი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ნიურნბერგის საშობაო ბაზრობის უყურადღებოდ დატოვება წარმოუდგენელია.

ის ცნობილია, როგორც ხისა და ტანსაცმლის პატარა ქალაქი. ბაზრობა ფოკუსირებულია ტრადიციულ პროდუქტებსა და საკვებზე, ასევე ფუნქციონირებს უამრავი სახელოსნო, სადაც ვიზიტორებს თავად შეუძლიათ საკუთარი საჩუქრების შექმნა. ეს ყველაფერი კი ქალაქის მთავარ მოედანზე ხდება.

ჰოპმარკეტიდან სულ რაღაც სამი წუთის სავალზე მდებარეობს ბავშვთა ბაზარი (Kinderweihnacht), ცნობილი როგორც ქინდერვინაჰი, რომელიც გთავაზობთ უამრავ აქტივობას – მათ შორის ნამცხვრების გაფორმებას და სანთლების დამზადებას. პატარებს აქ ფერადი ატრაქციონებიც მრავლად ელოდებათ.

კოპენჰაგენი

კიდევ ერთი ევროპული ქალაქი, რომელიც მასპინძლობს რამდენიმე გამორჩეულ საშობაო ბაზარობას, კოპენჰაგენია. ნოემბრიდან მოყოლებული აქ ნამდვილი ზეიმია. ამ მხრივ ის საუკეთესო ქალაქებს შორისაა სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად და დაუვიწყარი დროის გასატარებლად.

ტივოლის ბაღები ალბათ ქალაქის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა ამ პერიოდში, რომელიც აერთიანებს საშობაო მაგიას საკულტო პარკში. საშობაო განწყობას უკეთესად ალბათ ვერსად შეიქმნით. უამრავი სადღესასწაულო დეკორი, ზღაპრის გმირები, საახალწლო საჩუქრები და ატრაქციონები ყველა ასაკის ადამიანის გახალისებას მოახერხებს.

საოცარი გარემოა ნიჰავნში, კოპენჰაგენის ერთ-ერთ პოპულარულ რაიონში, სადაც ფერადი საშობაო  სახლები სანაპიროზეა ჩამწკრივებული. აქ უამრავი საახალწლო ნუგბარით ჩაიგემრიელებთ პირს.

ყველაზე ტრადიციულ ბაზრობას კი ჰოჯბროს მოედანზე შეხვდებით. ცხელი გლინტვეინი, გერმანულ ძეხვი, უამრავი ტკბილეული და რა თქმა უნდა ხის საახალწლო ქოხებში გამოფენილი ულამაზესი სუვენირები. მოკლედ კოპენჰაგენი ნამდვილად არის ის ადგილი, სადაც დაუვიწყარ და ზღაპრულ დასვენების დღეებს გაატარებთ.

magti 5g