ციხის კადრების ავტორი, ლადო ბედუკაძე, განმეორებითი თავდასხმის ფაქტზე გუშინ, გვიან ღამით პოლიციამ გამოკითხა. ბედუკაძეს გამომძიებლები დაახლოებით სამი საათის განმავლობაში კითხავდნენ, საუბარია ინციდენტზე, როდესაც ინტერვიუს ჩაწერისას მას უცნობმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სანთებელა ესროლა.
ციხის ყოფილი თანამშრომელი ამტკიცებს, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია და მისი ცემა “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაუკვეთა.
“სხვა მტერი ამ ქვეყანაში, “ნაციონალური მოძრაობის” გარდა, არ მყავს. სააკაშვილის სექტის წარმომადგენლები დღეს არიან მელია, გონებაჩლუნგი საზოგადოება, ვაშაძე და მსგავსი პერსონაჟები. სისულელე მოიგონეს საერთოდ. წამებული დედა, სამი წელია ჩივის, რას ჩივის. თენგიზ ნაზღაიძის დედა იცავს შვილის ინტერესებს და მე თქვენი ბინძური ტელევიზიის აზრი არ მაინტერესებს. მიმიფურთხებია თქვენი ტელევიზიისთვის. მომიკითხეთ გვარამია, ვაყენებ შეურაცხყოფას თქვენს გვარამიას, გამოვიდეს სადაც უნდა, ნებისმიერ ადგილას გავუნგრე თავ-პირს,” – განაცხადა ბედუკაძემ.