„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის მთავარ მიზანს ზაზა გახელაძის გათავისუფლება წარმოადგენს, რისთვისაც ყველა, მათ შორის საპარლამენტო მექანიზმსაც გამოიყენებენ, რათა ზაზა გახელაძის საკითხმა შესაბამისი ყურადღება მიიღოს.
ვაშაძის განმარტებით, ოპოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი უწყების ხელმძღვანელებს პარლამენტში დაიბარებს, ხოლო პირადად, პარლამენტის თავმჯდომარესთანაც სურს შეხვედრა.
„ვფქრობ, მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. პირველი დასკვნა ის არის, რომ სამწუხაროდ, ჩემი აზრით, ხელისუფლების მხრიდან არის აბსოლუტური უგულებელყოფა და ფაქტობრივად პასიურობა ამ საკითხის გადაწყვეტაზე. შევთანხმდით, რომ გამოვიყენებთ ყველა მექანიზმს, მათ შორის საპარლამენტო მექანიზმს იმისთვის, რომ ამ საკითხმა მიიღოს შესაბამისი ყურადღება პირველ რიგში, ქართული საზოგადოებისგან, მერე საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. ჩვენ ვაპირებთ, რომ დავიბაროთ შესაბამისი უწყებები პარლამენტში.
ვაპირებ, რომ აუცილებლად პარლამენტის თავმჯდომარესთან უნდა მოვითხოვო ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა. ვფიქრობ, ყველა მექანიზმი უნდა ავამოქმედოთ, ჟენევის ფორმატის ჩათვლით. გარდა ამისა, პირადად მეც და ვინც შევხვდით, გვექნება კომუნიკაცია დიპლომატიურ კორპუსთან, რომელსაც საქმის კურსში ჩავაყენებთ, რომ ეს ადამიანი უბრალოდ მძევლად იმყოფება ახლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
ჩვენი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად გავათავისუფლოთ ზაზა გახელაძე და რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს ის ოჯახს. მეორე მიზანი, რაზეც არაერთხელ მისაუბრია, პრევენციული მექანიზმებია, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მუდმივად არ ვიყოთ გატაცების მომსწრე ოკუპანტების მხრიდან ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან“, – განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 11 ივლისს დააკავეს. მას საზღვრის უკანონო კვეთასა და ე.წ ”მესაზღვრეებისთვის” ცეცხლის გახსნას ედავებიან.
ზაზა გახელაძეს ყველაზე მსუბუქი სასჯელი დააკისრეს: მურად ჯიოევი