LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყინვარების დროინდელი ტბები, ჭაობები და იშვიათი ცხოველები -შავი კლდეების ტბის ბილიკი გაიხსნა

723
111

საქართველოში შავი კლდეების ტბის ბილიკი გაიხსნა და ვიზიტორებს ელის.

აღნიშნული ბილიკი საქართველოში არსებული ბილიკებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა და გამოირჩევა ალაზნის ველისა და კავკასიონის მთების ულამაზესი ხედებით. ტური იწყება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან. 10-15 წუთ-ში გზად რცხილნარის უნიკალური კორომი შეგხვდებათ (ზ. დ. 400-600 მ.), რაც კავკასიაში საკმაოდ იშვიათობაა.

30-40 წთ-ში გადავკვეთ მდ. ,,ლაგოდეხის ხევს”. 20-30 წთ-ში შევდივართ ახალგაზრდა წმინდა რცხილნარში, რომელიც წიფლნარი ტყის ქარქცევის (1933) შედეგად წარმოიშვა. 15-30 წთ-ში შევხვდებით კახეთის ლოკალურ ენდემს – ,,მრგვალი წამალას“ რომელიც ადრე გაზაფხულზე ყვავის და როგორც იშვიათი სახეობა შეტანილია წითელ წიგნებში. 30 წთ-ში მივადგებით ქედის დასაწყისს, ხელუხლებელ წმინდა წიფლნარის კორომში. 1 სთ-ში ავდივართ სერზე ზ.დ. 1,300 მ. სიმაღლეზე და გაუყვებით ,,ქოჩალოს ქედს”, სადაც ჩრდილოეთის მხარეს შეგვიძლია ვიხილოთ წიფლნარის ტყე, ხოლო სამხრეთ აღმოსავლეთით შერეული, ფართო ფოთლოვანი ტყე. 2 სთ-ში აღმოჩნდებით სუბალპურ სარტყელში – მაღალმთის ნეკერჩხლის მეჩხერ კორომში. 1 სთ-ში იხილავთ ტურისტულ თავშესაფარს ,,მეტეოს”, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც განლაგებულია სპეციალურად მოწყობილი საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. მეორე დღეს გზას ვაგრძელებთ ქოჩალოს ქედზე. 1 სთ-ში ავდივართ ტყის ზედა საზღვარზე ალპურ ზონაში, საიდანაც ვიზიტორს ეძლევა შესაძლებლობა დააფიქსიროს იშვიათი ჩლიქოსანი ცხოველები კერძოდ: ირემი, არჩვი, ჯიხვი. ასევე ფრინველები როჭო, კავკასიური შურთხი, ბატკანძერი და სხვადასხვა არწივები. 1 სთ-ში ავდივართ უღელტეხილზე ე.წ. ,,დემიდოვის ნაშლებზე”, რომელიც ჯიხვების სამფლობელოდ არის ცნობილი. 1 სთ-ში აღმოვჩნდებით ალპურ მდელოებზე შედარებით ვაკე ადგილებზე, რომლებიც ჯიხვების საძოვრებს წარმოადგენენ. მომდევმო 40 წთ-ში შეგვხვდება გამყინვარების დროინდელი პატარ-პატარა ტბები და ჯადოსნური ბუნების მიერ მოქარგული ჭაობები. 30 წთ-ში ჩვენ წინ გადაიშლება შავი კლდეების ტბა. აღნიშნულ ტურზე ვიზიტორის თვალწინ იცვლება ზღაპრული ბუნება 400 – დან 3500 მ. სიმაღლემდე, ხოლო ფრთხილად სიარულის შემთხვევაში შესაძლებლობა ეძლევა შეხვდეს ცხოველთა სამყაროს იშვიათ წარმომადგენლებს. ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ გადაადგილდნენ ცხენებით, შეისვენონ სპეციალურად მოწყობილ საპიკნიკე ადგილებზე, ღამე გაათენონ კარვებში და იქირაონ შესაბამისი – აღჭურვილობააქვე უნდა აღინიშნოს, რომ შავი კლდეების ტბა წარმოადგენს ბუნებრივ საზღვარს საქართველოს და დაღესტანს ანუ რუსეთის ფედერაციას შორის.

მთავარი ღირშესანიშნაობები: ფართოფოთლოვანი ტყე, რცხილნარის კორომი, წმინდა წიფლნარის   კორომი, მდ. ლაგოდეხის ხევი, ალაზნის ველისა და კავკასიონის ხედები, პატარ-პატარა ტბები, ჭაობები, შავი კლდეების ტბა.

მანძილი: 42 კმ.

ლაშქრობის ხანგრძლივობა: 3 დღე

ცხენით ლაშქრობის ხანგრძლივობა: 3 დღე

სირთულე: რთული (უმეტესად ციცაბო და ვიწრო ბილიკები, მობილიზებულობა და სათანადო სალაშქრო აღჭურვილობა აუცილებელია).

დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: apa.gov.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g