“თუ მეხუთე ტალღისთვის შეიქმნება კოლექტიური იმუნიტეტი და ოქტომბერში ჩავატარებთ მილიონ აცრას, მეხუთე თუ მომდევნო ტალღას შედარებით მსუბუქად გადავიტანთ”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა და საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე კოლექტიური იმუნიტეტისა და პირბადის ტარების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დასაშვებია, რომ იყოს მეხუთეც და შემდგომ მეექვსე ტალღებიც. მეხუთე ტალღისთვის კი საჭიროა, მოსახლეობამ ერთმანეთს პირბადის ტარებისკენ მოუწოდოს და მისი ტარების მაჩვენებელი 95%-ზე ავიდეს:
“დასაშვებია, იყოს მეხუთეც და შემდგომ მეექვსე ტალღებიც, ვირუსულ ინფექციებს აქვთ ციკლური მიმდინარეობა, მით უმეტეს ოქტომბრის მეორე ნახევრიდან საქართველოში იწყება რესპირაციული ვირუსების სეზონი და კორონაც გახლავთ რესპირაციული ვირუსი. მეხუთე ტალღისთვის საჭიროა ერთმანეთს მოვუწოდოთ, რომ გავიკეთოთ პირბადე, ყველაზე დიდი დამცველი საშუალება და ავიყვანოთ ტარების 95%-ზე.
ამ შემთხვევაში, დეკემბრისთვის გადავარჩენთ 200-250 ადამიანის სიცოცხლეს. თუ 1000 ადამიანი ორჯერადად აიცრება, ეს არის ერთი გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლე, ამიტომ თუ მეხუთე ტალღისთვის შეიქმნება კოლექტიური იმუნიტეტი და ჩავატარებთ მილიონ აცრას ოქტომბერში, შედარებით მსუბუქად გადავიტანთ მეხუთე თუ მომდევნო ტალღას. მთავარია იყოს კუმულაციური იმუნიტეტი ქვეყანაში კოვიდის საწინააღმდეგოდ და ვატაროთ პირბადე”, – თქვა გამყრელიძემ.