დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რეკომენდაციას გასცემს, მოქალაქეებმა დახურულ შენობებში პირბადე ატარონ.
როგორც გამყრელიძემ „პირველს არხს“ განუცხადა, გასულ ორ კვირასთან შედარებით, კორონავირუსის ახალ შემთხვევათა რაოდენობა თითქმის ორნახევარჯერ არის გაზრდილი, რაც „ომიკრონის“ ახალ ქვეშტამებს უკავშირდება.
როგორც გამყრელიძემ ამ შტამებზე საუბრისას აღნიშნა, ე.წ. ბი-ეი-4 და ბი-ეი-5 შტამები სწრაფად ვრცელდება, თუმცა რთული მიმდინარეობა არ ახასიათებს.
„მარტო საქართველოში არ ხდება. მთლიანად მსოფლიოში და ევროპის უმრავლეს ქვეყნებში, 42 ქვეყანაში იყო შემთხვევების ზრდა. ეს ძირითადად განპირობებულია „ომიკრონის“ ახალი ქვეშტამების, ე.წ. ბი-ეი-4 და ბი-ეი-5 -ის ცირკულაციით, რომელიც ხასიათდება უფრო მაღალი გადამდებლობით, ვიდრე მისი წინამორბედები, მაგრამ აგრესიულობა არ არის მეტი. ანუ უფრო მძიმედ არ მიმდინარეობს.
მატება გვაქვს, გუშინ იყო 631 ახალი შემთხვევა, დღეს გვაქვს 756. წინა კვირასთან შედარებით, რომელსაც ვითვლით მთელი კვირისას, სამშაბათს დაახლოებით 2.4-ჯერ მეტი შემთხვევა იყო, ვიდრე ორი კვირის წინ. ანუ 2-3 კვირაა, რაც ახალი შემთხვევების ზრდა აღინიშნება. გარკვეულად მომატებულია დადებითობის მაჩვენებელი. სერიოზულად არის მომატებული რეპროდუქციის ინდექსი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდინფიცირებულთა 7-8 პროცენტს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია. მისივე თქმით, ინფიცირებულთა დამძიმების ტენდენცია არ არის.
„დამძიმების ტენდენცია არ არის. საავადმყოფოში ხვდება ინფიცირებულთა 7-8 პროცენტი, მაგრამ თუ შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა, გაიზრდება ზეწოლა საავადმყოფოებზეც. ამ ეტაპზე დაახლოებით 350 პაციენტი წევს.“– განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რას აცხადებენ სპეციალისტები ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე, წაიკითხავთ ვრცლად:
ივანე ჩხაიძე განმარტავს, რა შემთხვევაში დაბრუნდება ნიღბის ტარების ვალდებულება