უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა, ლუჰანსკის ოლქის ერთ და დონეცკის ოლქის შვიდ დასახლებულ პუნქტთან რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს.
გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის ამ ნაწილში მოწინააღმდეგე შეტევებს განაგრძობს ბახმუტის, ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით.
უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 4 სარაკეტო, 24 საავიაციო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 55-ზე მეტი შეტევა განახორციელეს.
ევროკომისია ევროკავშირს უკრაინისთვის თვეში 1.5 მილიარდი ევროს გამოყოფას შესთავაზებს
საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზარალდა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, სუმის, ხერსონის და ნიკოლაევის ოლქების 30 დასახლებული პუნქტი. გენშტაბის ცნობით, ამ და სხვა მიმართულებებით მოწინააღმდეგე ტანკებს და არტილერიასაც ისევ აქტიურად იყენებს.
უკრაინის გენერალური შტაბის ოფიციალური მონაცემებით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალების ავიაციამ განახორციელა 22 დარტყმა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, სამხედრო ტექნიკის და საჰაერო თავდაცვის სისტემების თავმოყრის რაიონებზე.
გენშტაბის ცნობითვე, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის არმიის 5 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის მართვის 2 პუნქტი, ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 8 ადგილი და სხვა სამხედრო ობიექტები.
ამასთან, უკრაინის არმიის სარდლობის თანახმად, სამოქალაქო პირებად გადაცმული რუსი სამხედროები ხერსონში იკავებენ მშვიდობიანი მოქალაქეების კუთვნილ შენობებს და პოზიციებს ამაგრებენ ქუჩის ბრძოლებისთვის, რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტები კი, ქალაქში გეგმავენ „ვიდეომასალების“ გადაღებას, თითქოს, უკრაინის თავდაცვის ძალები მშვიდობიან მოსახლეობას ანადგურებენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ დააზუსტეს თავდაცვის ძალების მიერ წინა დღეებში განხორციელებული რამდენიმე შეტევის შედეგები.
მათ შორის, ლუჰანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკთან განადგურებულია ჩეჩენთა ბატალიონ „ახმატის“ 30-ზე მეტი წევრი და 15-მდე დაჭრილია.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში