“ყველა სტუდენტის ინტერესია უნივერსიტეტი გახდეს უკეთესი”, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თსუ-ის სტუდენტებთან შეხვედრის მერე განაცხადა. ალექსანდე ჯეჯელავა გეგმავს სხვა უნივერსიტეტების თვითმმართველობის წარმომადგენლებსაც შეხვდეს, რათა პოზიციები შეაჯეროს.
“მოვისმინე თსუ-ის თვითმმართველობის მოსაზრება, თუ რა ფორმატში უნდა გადავიდეს და გადაწყდეს. კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩემი შეხედულება, იმის შესახებ რაზეც თავიდანვე ვსაუბრობდი, რომ ყველა სტუდენტის ინტერესია უნივერსიტეტი გახდეს უკეთესი. განვითარდეს სასწავლო პროცესი და თვითმმართველობაც გადავიდეს შემდეგ დონეზე, თუმცა, ხედვები განსხვავდება და დღეს სწორედ ამ განსხვავებებზე პუნქტობრივად ვიმსჯელეთ. ასევე, ვისაუბრეთ კანონის 45-ე მუხლზეც”.
თსუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ბახვა კვირიკაშვილის განცხადებით, ისინი მზად არიან მოლაპარაკების გზით მოაგვარონ არსებული პრობლემები. მისი თქმით, მინისტრს წერილობით გადაეგზავნება მათი ხედვები და გამოსავალაი კონკრეტულ პრობლემაზე.
“მოლოდინი არ გვქონდა რომ დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტული საკითხები გადაწყდებოდა. ჩვენი მოლოდინი იყო, რომ ბატონ მინისტრს გაეგო ჩვენი პოზიციები. ამავდროულად მნიშვნელოვანია ფაქტია ის, რომ კონკრეტულ საკითხებში, რაც რეფორმას ეხება, უნდა გავითვალისწინოთ უნივერსიტეტისა და პროფესორების პოზიცია, რომელიც დღეს არ არის გათვალისწინებული. როგორც მინისტრმა თქვა, იგი აუცილებლად ჩართავს ამ ნაწილსაც. ასევე, მნიშვნელოვანია რომ უკანონობისა და უსამართლობის წახალისება არც ერთი სექტორის მხრიდან არ უნდა ხდებოდეს “, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.