LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„განმეორებითი ბიძგების რისკი ყოველთვის არსებობს, არ ჩავარდეთ პანიკაში“ – სპეციალისტი მიწისძვრის საფრთხეებსა და რისკებზე

278
Untitled design

თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების დახმარების მასშტაბური ოპერაცია კვლავ გრძელდება.

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 20 000-ს გადააჭარბა

სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან მაშველები 61 ქვეყნიდან, მათ შორის 108 მაშველი საქართველოდან არის. საჭიროებისამებრ, სალიკვიდაციო სამუშაოებში, საკუთარი რესურსით ჩართვისთვის მზადყოფნას გამოთქვამს „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაც.“

როგორც ორგანიზაციის კატასტროფების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა მამულაძე „ფორტუნასთან“ ამბობს, ელოდებიან თურქეთიდან და სირიიდან კოლეგების პასუხს, თუ რა სახით შეიძლება ჩაერთონ ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოხალისეები მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონების დასახმარებლად.

„გლობალურად, „წითელ ჯვარსა“ და “წითელ ნახევარმთვარეს“ აქვს სპეციალური სისტემა,  საერთაშორისო ქსელში შეტანილია მონაცემები რესურსის შესახებ, საჭიროებებს თავად განსაზღვრავენ – თუ მოთხოვნა იქნება, რა თქმა უნდა, აუცილებლად გავემგზავრებით,“ – განუცხადა კახა მამულაძემ „ფორტუნას“.

თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, გადარჩენილების ნაწილი თავშესაფრებშია გადაყვანილი, ნაწილი კი დანგრეული ქალაქების დატოვებას ცდილობს.

ამ ფონზე კვლავ აქტუალური გახდა საკითხი, თუ რა უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს და რა უნდა გავითვალისწინოთ მიწისძვრის შემდეგ.

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ კატასტროფების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ არსებობს ძირითადი რეკომენდაციები, რითაც შესაძლოა, მიწისძვრისგან მომდინარე საფრთხეები თავიდან აიცილოთ.

 

„არ აჰყვეთ პანიკას“ – როგორ ვიქცევით მიწისძვრის დროს 

 

„რთული გასაკეთებელია, თუმცა, პირველ რიგში, არ უნდა ჩავარდეთ პანიკაში. მნიშვნელოვანია სიტუაცია გააანალიზოთ;

თუ სახლში გყავთ ისეთი ადამიანები – ბავშვები, მოხუცები, შშმ პირები, რომელთაც შესაძლოა დახმარება დასჭირდეთ უნდა იცოდეთ, მათთან მიმართებით როგორ მოიქცეთ;

მიწისძვრის დროს უნდა გაჩერდეთ საყრდენი კედლების ქვეშ, ასევე, სასურველია, შეძვრეთ მაგიდის ქვეშ ოჯახის წევრებთან ერთად და შეძლებისდაგვარად თავი დაიცვათ.

ბიძგების დროს შენობის დატოვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მაღალსართულიან შენობასა და მაღალ სართულებზე ხართ. არ შეიძლება გამოიყენოთ კიბე და ლიფტი, სადაც შეიძლება რისკი კიდევ უფრო დაემატოს,“ – გვირჩევს კახა მამულაძე.

 

„განმეორებითი ბიძგების რისკი ყოველთვის არსებობს“ – როგორ ვიქცევით

 

როგორც „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ კატასტროფების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აღნიშნავს, შენობა დატოვეთ ბიძგების გაჩერებისთანავე, რადგან განმეორებითი ბიძგების რისკი ყოველთვის არსებობს:

„კარგი იქნება, შენობაში სპეციალისტების შემოწმების შემდეგ დაბრუნდეთ, ვინაიდან, ნებისმიერ მიწისძვრას აუცილებლად მოჰყვება შემდგომი ბიძგები.

თუ მიწისძვრა ღამით მოხდა და შუქი ჩაქრა, შენობის დატოვებისას არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ასანთი, რადგან ასეთ დროს გაზის მილები ზიანდება და შესაძლოა, შენობას საფრთხე დაემატოს.

საგანგებო სიტუაციის დროს მაქსიმალურად შეეცადეთ ნაკლებად გამოიყენოთ მობილური ქსელები. ბუნებრივია, მსგავს შემთხვევაში ყველა ერთმანეთთან დაკავშირებას ცდილობს, რითაც შესაძლოა, ქსელი გადაიტვირთოს და სპეციალურ სამსახურებთან კომუნიკაცია შეფერხდეს“, – აღნიშნავს კახა მამულაძე „ფორტუნასთან“ საუბარში.

 

„ყურადღება ექცევა სათადარიგო გასასვლელების გახსნას“ – ცნობიერების ამაღლება სკოლებში

 

როგორც კახა მამულაძე აღნიშნავს, სკოლებში აქტიურად ტარდება სიმულაციური ვარჯიშები, რაც ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.

„სიმულაციურ ვარჯიშებს რაჭა-ლეჩხუმი – ქვემო სვანეთის რეგიონის სკოლებში ჩავატარეთ: მზადდება საევაკუაციო გეგმები, ბავშვები სწავლობენ, როგორ უნდა დატოვონ შენობა სწორად და როგორ შეიკრიბონ უსაფრთხო ადგილას.

ყურადღება ექცევა სათადარიგო გასასვლელების გახსნას – აუცილებელია, ის თავისუფალი იყოს.

რაც შეეხება სახელმწიფოს ქმედებას, მას ამ კონკრეტული მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გააკეთოს, ძირითადი კი სამშენებლო კოდექსია – საერთაშორისო ნორმები და სტანდარტები, რომლებიც აუცილებელია ნებისმიერი შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის. ისინი გათვლილი უნდა იყოს კონკრეტულ ადგილას, მიწისძვრის კონკრეტულ სიმძლავრეზე.“ – აღნიშნავს კახა მამულაძე.

რამ გამოიწვია მიწისძვრა თურქეთში – სპეციალისტების განმარტება

„მეც მეშინია დიდი მიწისძვრის…საშინელი შეგრძნებაა დაუცველობის და შევცვალოთ ამ ქვეყნის სამშენებლო პოლიტიკა” – რას წერს სეისმოლოგი

„გულაჩუყებული და ამაყი ვარ ჩემი ხალხით…ტელეფონები არ ჩერდება, რეკავენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ითხოვენ სტიქიის ზონაში წასვლას მაშველებად, ექიმებად, ექთნებად“ – საქართველოში თურქეთის საელჩოს თანამშრომელი

თურქეთის საელჩო აქვეყნებს მისამართებს, სადაც მოქალაქეებს მიწისძვრისას დაზარალებულთა დასახმარებლად ნივთების მიტანა შეუძლიათ

„10 წუთში ერთხელ საშინელი ბიძგებია, ძალიან ცუდი სიტუაციაა, ხალხს გარეთ სძინავს“ – რას აცხადებენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები

 

magti 5g