ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ დაანონსებული პროექტი „განვადებით მშენებლობა“ არცერთი წამით არ შეფერხებულა და მიმდინარე წელს უფრო მასშტაბურად დაიწყება.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა თქვა, პროცესში სხვადასხვა მსხვილი შემსყიდველი ორგანიზაციაა ჩართული, რომლებსაც რამდენიმე წლის პერსპექტივაში მსხვილი შესყიდვების დაჩქარებულ დროში შეძენა სჭირდებათ.
„განვადებით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების კუთხით პროცესი მიდის შეუფერხებლად. პრინციპში, აქ არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩართული, ჩართულები არიან სხვადასხვა მსხვილი შემსყიდველი ორგანიზაცია, რომლებსაც სჭირდებათ რამდენიმე წლის პერსპექტივაში მსხვილი შესყიდვების დაჩქარებულ დროში შეძენა. ასეთი უფლება მიცემული აქვს ინდივიდუალურად სამინისტროებს და სამინისტროები თვითონ აწარმოებენ სამუშაოების მიმწოდებელ პოტენციურ კომპანიებთან მოლაპარაკებებს. შესაბამისად, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას. პროცესი შეუფერხებლად მიდის. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დევნილებისთვის ბინებით დაკმაყოფილების კუთხით მუშაობს მშენებელ კომპანიებთან, ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს ასევე ინფრასტრუქტურის სამუშაოების შემსრულებელ კომპანიებთან და ა.შ. პროცესი არცერთი წამით არ შეფერხებულა, პირიქით, პროცესი დაწყებულია. უახლოეს ხანებში, როცა იურიდიული პროცესები დასრულდება ამა თუ იმ სახელმწიფო უწყების მიერ, რა თქმა უნდა, ჩვენ დავინახავთ სამუშაო პროცესს, რომელიც დარწმუნებული ვარ, მიმდინარე წელს დაიწყება ძალიან მასშტაბურად, ისევე, როგორც ჩვენ მიერ იქნა დაანონსებული“, – განაცხადა დავითაშვილმა.