LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განწირული ხმა, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა – შშმ პირების უფლებები და პრობლემები

223
fortuna.ge (50)
ფოტო გარეკანზე: The New York Times

სტატიის დასაწერად სანამ დავჯდებოდი, ჯერ დიდხანს ვფიქრობდი, როგორ უნდა დამეწყო მკითხველთან საუბარი. ვერაფერი მოვიფიქრე. ათჯერ მაინც წავშალე დაწერილი სტრიქონები. ხან კონკრეტული ფაქტის მოყოლა გადავწყვიტე, ხან ცოტა შორიდან მინდოდა მომევლო, მთავარი იყო, ზუსტად გადმომეცა ის ემოცია, რაც რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ვიდეოს ნახვისას მქონდა. ამ ემოციას ყველაზე კარგად ის ხმა გამოხატავს, რომელიც ვიდეოში ისმის, ხმა, სადაც არ არის სიტყვები, ხმა, სადაც აქა-იქ რაღაც ბგერებს ყურს მოჰკრავთ, მაგრამ სიტყვას ვერ ააწყობთ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ხმის ავტორს სიტყვების თქმა არ შეუძლია.

ბოლოს გადაწყვიტე ასე დავიწყო: რამდენიმე დღის წინ ჩვენ ყველამ, მთელმა საზოგადოებამ ვნახეთ, რას ნიშნავს უსიტყვო ყვირილი. კადრებში, რომელმაც თითოეული ჩვენგანი შეძრა, კარგად ჩანს, როგორ სცემს პოლიციელი შშმ არასრულწლოვანს. თუ მაშინ ეს მხოლოდ ეჭვის დონეზე იყო, ახლა დადასტურებული ფაქტია, რომ ის ნამდვილად შშმ პირია და თანაც არასრულწლოვანი.

ამ ფაქტამდე კიდევ ერთი გახმაურებული შემთხვევა ჟურნალისტ ნათია გოგსაძის შვილს ეხება, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონეა. სწორედ ამიტომ დავინტერესდით არა მხოლოდ ამ ორი კონკრეტული ფაქტით, არამედ ზოგადად შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობით, პრობლემებით, სახელმწიფოს უმოქმედობით, ბიუროკრატიით და იურისტს ვთხოვეთ, ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ მოეყოლა.

 

                                                     

 

სისტემა, რომელიც შენზე ძალადობს     

 

თბილისში, მეტროსადგურ „ისანში“, 23 იანვარს, პოლიციელმა 17 წლის შშმ პირი ძმასთან და მეგობრებთან ერთად მეტროს ფოიეში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში აიყვანა, სადაც პოლიციელმა შშმ პირს თავის არეში რამდენჯერმე მუშტი დაარტყა და თმა მოქაჩა. ვიდეოში ჩანს, რომ არასრულწლოვანი მიანიშნებს, რომ ის სმენადაქვეითებულია, მის გვერდით მყოფიც ეუბნება პოლიციელს, რომ არასრულწლოვანს არ ესმის და ვერ საუბრობს, პოლიციელი კი დამცინავად ეუბნება: “რომ ავალაპარაკო?!”. 

შშმ მოზარდზე პოლიციელის ძალადობის გასაპროტესტებლად შსს-სთან აქცია იმართება

"რა ხდება მაშინ, როცა კარი დახურულია?" "არა მილიციას!" - ამ შინაარსის ტრაფარეტები მიიტანეს აქტივისტებმა შსს-სთან.

რაც მთავარია, მეორე პოლიციელი დგას გვერდით და არაფერს აკეთებს თანამშრომლის შესაჩერებლად.

დღეს ორივე მათგანი დაკავებულია, თუმცა უნდა ითქვას, რომ მათ დაკავებას წინ უძღოდა აქციები შს სამინისტროსთან მინისტრის გადადგომის მოთხოვნით.

ამ უმძიმეს ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე კი ჟურნალისტმა ნათია გოგსაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი აუტისტური სპექტრის მქონე შვილი ჯერ ჯარში გაიწვიეს და შემდეგ ისე მოხდა, საქმე სასამართლომდეც კი მივიდა. ჟურნალისტმა დეტალურად მოყვა, როგორ ესაუბრა ის მანამდე პოლიციელს, როგორ აუხსნა მისი შვილის მდგომარეობა, ხაზი გაუსვა იმ ბიუროკრატიას, რისი გავლაც ყველა მშობელს უწევს შშმ პირის სტატუსის მისაღებად.

ნათია გოგსაძე: “ასეთი არაფერი გამიგია, 18 წელიწადია ლევანიკოსგან ოჯახის წევრები თითო სიტყვას ველოდებით, პოლიციელმა კი მთლად ოქმი შეადგინა!

ამ ფაქტებს სოციალურ ქსელსა და მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის იურისტების განცხადებებიც. ამიტომ ერთ-ერთ იურისტს ვკითხეთ, ზოგადად ამ მხრივ რა მდგომარეობაა საქართველოში და რას ურჩევს ის შშმ პირების მშობლებს.

 

 

 „შშმ პირების უფლებების კუთხით არაფერი იცვლება“

 

სტატიაში მოყვანილ ორ კონკრეტულ ფაქტს დიდი გამოხმაურება ჰქონდა, მედიაში, პოლიტიკოსების განცხადებებში, არასამთავრობო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებაში, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევებზე შეფასება კი არ მოგვესმინა, არამედ ზოგადად შშმ პირების უფლებებზე გვესაუბრა. ინტერვიუ ადვოკატ აბელ გეგიასთან ჩავწერეთ.

– როგორც ვიცით, წლიდან წლამდე არაფერი იცვლება ამ მხრივ ქვეყანაში, დავიწყოთ პირველ რიგში, როგორ ხდება შშმ პირის სტატუსის მიღება, რა პრობლემებს აწყდებიან მშობლები?

– თუ არასრულწლოვანს ან სრულწლოვანს აქვს გარკვეული დარღვევები, ანუ ის ვერ იღებს მონაწილეობს პროცესებში, მათ შორის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, მეურვეს, ოჯახის წევრს შეუძლია სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართოს და მოითხოვოს პენსიის დანიშვნა. ოღონდ აქ ერთი პრობლემაა – შშმ პირებს სჭირდებათ გარკვეული სახის მოვლა-პატრონობა. ანუ მხოლოდ პენსიის დანიშვნა ვერაფერს ცვლის. შემდეგ მეურვემ პენსიის განკარგვის უფლება უნდა მოიპოვოს, ასევე უფლება, რომ საჭიროების შემთხვევაში პრეპარატები უყიდოს.

მეტროში არასრულწლოვანზე ძალადობისთვის დაკავებულ 2 პოლიციელს ბრალი წარედგინა

პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულების თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნითაც მიმართავს- პოლიციელები ბრალს არ აღიარებენ.

სწორედ ამიტომ მოქალაქეებს უწევთ სასამართლოში მისვლა და მოთხოვნა, რომ ცნონ შშმ პირის მხარდამჭერად. სასამართლოში განცხადების დაწერისას უნდა გაითვალისწინონ ყველა ის საკითხი, რაც მას დასჭირდება , როგორც მხარდამჭერს. მაგ. საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, პენსიის მიღება, ნებისმიერი საკითხი, სადაც ის იქნება შშმ პირის წარმომადგენელი. მაგ. შშმ პირს აქვს ფართი, რომლის გაქირავებაც უნდა მეურვეს, ესეც სასამართლოს უნდა სთხოვოს.

– როცა ადგილზე მიდიან, იქ რა პრობლემებს აწყდებიან ოჯახის წევრები, გარდა იმისა, რომ როგორც ვხვდები, ეს დროში გაწელილი პროცესია

– პირველ რიგში საჭიროა, რომ ამ ადამიანებმა ისარგებლონ იურიდიული დახმარების სერვისით, აქვს სახელმწიფოს ეს მომსახურება. ყველაზე მთავარი პრობლემაა სასამართლო საქმეების დროში გაწელვა. ასეთ დროს მოქალაქეს შეუძლია, დროებითი მხარდამჭერის სტატუსი მოითხოვოს, სანამ სასამართლო პროცესები დასრულდება. მეურვემ უნდა წარადგინოს ფორმა 100, სხვა ტიპის დოკუმენტაცია, რომ არ არსებობს მხარდამჭერად ცნობის დამაბრკოლებელი გარემოება. შემდეგ, სახელმწიფო შშმ პირებს ექსპერტიზას უტარებს, ეს უფასოა, სადაც განისაზღვრება, რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდება მას. მე მქონია მაგალითი, როცა შშმ პირი გარკვეულ აქტივობებს თავადაც ასრულებს, მხოლოდ მცირე საკითხებში ვერ გამოხატავს ნებას. არის უფრო მძიმე შემთხვევები, როცა ადამიანი დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს. ანუ, რა ტიპის მხარდაჭერა უნდა დაუნიშნოს სასამართლომ, ეს ექსპერტიზის საფუძველზე ხდება.

– პირველ რიგში რა უნდა გამოსწორდეს, რომ შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესდეს?

– პირველ რიგში საჭიროა დღის ცენტრების არსებობა, სადაც კვალიფიციური თანამშრომლები იქნებიან, აუცილებელია ელექტრო ეტლები, გადაადგილების პრობლების მოგვარებისთვის, ასევე ინფრასტრუქტურის მოწყობა. სამართლებრივ ნაწილში საჭიროა უფრო მეტი მოქნილობა, სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელება. განცხადებას რომ შევიტანდი ხოლმე სასამართლოში, სულ ვცდილობდი, მოთხოვნა ისე დამეყენებინა, რომ მოქალაქეს მეორედ არ დასჭირვებოდა მისვლა. ანუ განცხადებაში მოთხოვნილი საკითხები მაქსიმალურად უნდა გააფართოონ, რათა შემდეგ ყველაფერზე ცალ-ცალკე არ დასჭირდეთ მისვლა სასამართლოში.

 

„გაგვიმართლა“ რომ აშკარა ვიდეოჩანაწერი არსებობდა – დაუსჯელობის სინდრომი და ხელის დაფარების პოლიტიკა ახალისებს ამგვარ შემთხვევებს: უფლებადამცველი პოლიციელის მიერ არასრულწლოვანი შშმ პირის ცემაზე

magti 5g