LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაიცვალა პროფესორი გურამ სანადირაძე – „მისი მრავალწლიანი საქმიანობა და პროფესიონალიზმი მნიშვნელოვანი წვლილი იყო როგორც სამედიცინო განათლების, ისე აკადემიური საზოგადოების გაძლიერების საქმეში“

264
გურამ სანადირაძე

გარდაიცვალა პროფესორი გურამ სანადირაძე – სამწუხარო ინფორმაციას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

გურამ სანადირაძე წლების განმავლობაში იყო დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ფიზიოლოგიის სასწავლო კურსის პროფესორი და უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სამედიცინო დარგში.

„დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პროფესორ გურამ სანადირაძის გარდაცვალების გამო.

პროფესორი გურამ სანადირაძე წლების განმავლობაში იყო დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი – სამედიცინო ფიზიოლოგიის სასწავლო კურსის პროფესორი და უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სამედიცინო დარგში. მისი მრავალწლიანი საქმიანობა, პროფესიონალიზმი და უნივერსიტეტის განვითარებისადმი ერთგულება მნიშვნელოვანი წვლილი იყო როგორც სამედიცინო განათლების, ისე აკადემიური საზოგადოების გაძლიერების საქმეში.

პროფესორი გურამ სანადირაძე მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა სამედიცინო განათლების განვითარებას. მისი სიღრმისეული ცოდნა, პროფესიონალიზმი და აკადემიური საქმიანობისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება განსაკუთრებულად ფასდებოდა როგორც სტუდენტების, ისე კოლეგების მიერ. მისი ღვაწლი მნიშვნელოვანი ნაწილია იმ თაობების პროფესიული გზის, რომლებმაც განათლება დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღეს.

მისი საქმიანობა, ადამიანური ღირსებები და უნივერსიტეტის განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი ყოველთვის დარჩება ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიის განუყოფელ ნაწილად.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ პროფესორ გურამ სანადირაძის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს, სტუდენტებსა და ყველას, ვისაც მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისად მიაჩნია“, – აღნიშნულია დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები