LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გარკვეული შეზღუდვების დაწესება მოგვიწევს” – ვაკის პარკის სრული რეაბილიტაცია იწყება

261
20200623141548

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მომავალი კვირიდან ვაკის პარკის რეაბილიტაციას იწყებს, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტი სხვადასხვა შეხვედრის, კვლევისა და რეკომენდაციის საფუძველზე დამუშავდა. მისი განხორციელების შედეგად, ვაკის პარკისა და კასკადის პირვანდელი იერსახე შენარჩუნდება.

„გასული წელი ვაკის პარკის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოებს დავუთმეთ. ასევე, შევხვდით დაინტერესებულ პირებს, ჩავატარეთ სახელოვნებათმცოდნეო და დენდროლოგიური კვლევები, რომელთა რეკომენდაციების საფუძველზეც, ბრიტანულმა კომპანიამ – „სიბიეს სტუდიოზ“ პარკის ფუნქციური ზონირების პროექტიდაამუშავა. იმის გათვალისწინებით, რომ ვაკის პარკის ცენტრალური ნაწილი შესულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ნუსხაში, არ შეგვიცვლია პარკის ისტორიული გეგმარება. პირიქით, რაც შემდგომ უხეში ჩარევების შედეგად დაემატა, იმასაც პირვანდელ მდგომარეობასთან შესაბამისობაში მოვიყვანთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე სისტემა, განახლდება მწვანე საფარი და საპარკე ინფრასტრუქტურა, პარალელურად კი,შადრევნების კასკადის სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

„როგორც იცით, პარალელურად, ვაკის პარკის შადრევნების კასკადის პროექტირება მიმდინარეობს. რის შემდეგაც, მის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერს გამოვაცხადებთ. პროექტის განხორციელებას დაახლოებით, ორი წელი დასჭირდება. გარკვეული შეზღუდვების დაწესება მოგვიწევს, თუმცა, ყველაფერს ისე დავგეგმავთ, რომ მოქალაქეებს რაც შეიძლება ნაკლები დისკომფორტი შევუქმნათ. გპირდებით, თბილისელებისთვის ვაკის პარკიც საამაყო პროექტი იქნება, ისევე როგორც „მზიურის“, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი, ასევე, გლდანის მე-6 მიკრორაიონში არსებული რეკრეაციული სივრცე“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერის განმარტებით,მსგავსი ფართომასშტაბიანი რეაბილიტაცია პირველად განხორციელდება და რაც მთავარია, ვაკის პარკისა და კასკადის პირვანდელი იერსახე შენარჩუნდება.

 

ვიდეო: ნახეთ, როგორი გახდება ვაკის პარკი – აღდგება კომპლექსის პირვანდელი ისტორიული სახე

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები