LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუხმაურებელი პრობლემები კონსტიტუციის ცვლილებებში – ინტერვიუ ლევან ალაფიშვილან

ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დიალოგისთვის ემზადებიან, თუმცა ოპოზიცია ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლება მის მიერ თავდაპირველად შემოთავაზებულ პროექტის ვერსიას უნდა დაუბრუნდეს და პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნები 2020 წელს უნდა ჩატარდეს.

იურისტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო პროექტში არის რამდენიმე საკითხი, რომელიც შესაძლოა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პარლამენტის არჩევის წესი.

როგორც ლევან ალაფიშვილი „ფორტუნასთან“აცხადებს, ამ საკითხებზე მსჯელობა არ მიმდინარეობს და საკონსტიტუციო პროცესი რომელიც საზოგადოებამ ნახა, პოლიტიკურ ვაჭრობას ჰგავს.

ლევან ალაფიშვილი: სამწუხაროდ, თავიდანვე  არასწორად წარმართულმა კონსტიტუციურმა პროცესმა უფრო მეტად წარმოაჩინა, რომ ეს არის კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებზე მორგებული დოკუმენტის შექმნის პროცესი და არა სტაბილური განვითარებისთვის დოკუმენტის შექმნის პროცესი. ამის დასტური იყო თავიდან განვითარებული, შემდგომი და დღევანდელი მოვლენები. პოლიტიკოსები საუბრობენ მათი ინტერესებიდან დანახულ, ან წარმოჩენილ პრობლემაზე. ესაა საარჩევნო სისტემა, ანუ ის, რა უზრუნველყოფს მათ წარმომადგენლობას მომდევნო პარლამენტში. სამწუხაროდ, არ გვესმის მსჯელობა იმ საკითხებზე, რომელიც პრობლემური შეიძლება იყოს არანაკლებ, უფრო მეტადაც კი, ვიდრე კონკრეტული ძალების არჩევის წესი. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ შესაძლოა, სხვა საკითხები უფრო მეტად მნიშვნელოვანიც იყოს.

ორი მოსმენით კენჭნაყარ კონსტიტუციის პროექტში წერია შეთავსებით მოქალაქეობის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეობის პასპორტის მქონე ადამიანი იმავდროულად შესაძლებელია, გახდეს სხვა ქვეყნის მოქალაქე. ეს განსაკუთრებით საფრთხის მატარებელია და პრობლემების გამრავლების პოტენცია აქვს არსებული ოკუპაციისა და რუსული ე. წ. პასპორტიზაციის პირობებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ მათ მიღმა. ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება, შემთხვევით ხელს ხომ არ შეუწყობს რუსული იმპერიული ზრახვების რეალიზაციას. ამაზე სიჩუმეა, არავინს საუბრობს, პროექტი კი ორი მოსმენით კენჭნაყარია და ამის გარანტიას იძლევა.

–         როგორ ფიქრობთ, რა ინტერესს ემსახურება ამ საკითხის ასე რეგულირება?

ლევან ალაფიშვილი: ამაზე განმარტებები არ მომისმენია, შესაძლოა, რაღაც იყოს, მაგალითად, შეიფუთოს, როგორც უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ზრუნვა. მაგრამ ამ გზით უფრო მეტ საფრთხეს რომ ვიღებთ, უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება ხელისუფლებას. უფრო ფართო დისკუსიაც რომ უნდა იყოს საზოგადოებაში, ამაზე საუბარი ზედმეტია.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და საინვესტიციო გარემოს შეეხება. კონსტიტუციის პროექტში თავდაპირველი ვარიანტიდან დღემდე წერია, რომ უცხოელებს ეკრძალებათ მიწის საკუთრება საქართველოში, არა მხოლოდ სასოფლო სამეურნეო, არამედ ზოგადად მიწის საკუთრება. ხვალ თუკი ეს ჩანაწერი შენარჩუნდა ამ ფორმით, ეს რა გავლენას იქონიებს საინვესტიციო გარემოზე, გნებავთ უფლებების კუთხით მდგომარეობაზე, ძნელი სავარაუდო არ უნდა იყოს, ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს საკმაოდ დიდი რისკის მატარებელია. ამაზეც არც საზოგადოება მსჯელობს და არც პოლიტიკოსების დღის წესრიგშია.

–         ამ საკითხთან დაკავშირებით კეთდებოდა გარკვეული განცხადებები სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მხრიდან. განსხვავებული პოზიციები არსებობდა თავად ხელისუფლებაშიც. როგორ ფიქრობთ, რატომ გადაწყდა მიწის საკუთრების ასე დარეგულირება, ხომ არ არის ეს ხელისუფლების მხრიდან პოპულისტური ნაბიჯი?

ლევან ალაფიშვილი: კი, ბატონო, მართალია ხელისუფლება სიტყვიერად რიტორიკაში საუბრობდა მხოლოდ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაზე, მაგრამ რეალურად იმავე დროს, როცა ამაზე საუბრობდა საჯაროდ, კონსტიტუციის პროექტში წერდა სხვა რამეს, პროექტში ზოგადად მიწაა მითითებული. ამას ვერანაირი გონივრული, მისაღები ახსნა ვერ ექნება, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ეს ის საკითხი იყო, რომელზეც სპეციალური ვიზიტით ბიზნესგაერთიანებასთან ერთად იმყოფებოდა კომისიის თავმჯდომარესთან ეკონომიკის მინისტრი, ანუ რეალურად მთავრობაშიც ესმით ამ საკითხის პრობლემურობა, მაგრამ პარლამენტში და სხვა პოლიტიკოსებში ეს საკითხი აქტუალური, როგორც ჩანს, არ არის.

არის კიდევ სხვა საკითხებიც, მაგრამ ამ პირობებში, როცა ასეთი ფუნდამენტური საკითხები არ დგას დღის წესრიგში და მოლაპარაკების, შეხვედრის, დიალოგის საგნად შეიძლება, იქცეს სამომავლოდ. პარლამენტი რა წესით დაკომპლექტება, სხვა არაფერი შეიძლება, ეწოდოს, თუ არა პოლიტიკური ვაჭრობა საქართველოს სტაბილური განვითარების ხარჯზე იმიტომ, რომ სტაბილური განვითარების საფუძველი სწორედ კონსტიტუციაა, რომელშიც უფრო მნიშვნელოვანი საკითხები დარჩა ისე, როგორც არის. ამას სხვას ვერაფერს ვუწოდებ, თუ არა ვაჭრობას საქართველოს გრძელვადიანი, სტაბილური განვითარების და გაძლიერების ხარჯზე.

–         ამ საკითხების გარდა, ამ რიგის რა პრობლემებს ხედავთ იმ პროექტში, რომელიც დღეს გვაქვს?

ლევან ალაფიშვილი: ამ რიგის პრობლემური არც ერთი არ მიმაჩნია.

–         იგივე ქორწინების დეფინიციასთან, ადამიანის უფლებებთან, დასაქმების ხელშეწყობასთან დაკავშირებულ ჩანაწერზე როგორია თქვენი პოზიცია?

ლევან ალაფიშვილი: მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ რიგის არა. მაგალითად, დღეს არსებული კონსტიტუციით ადამიანის უფლებების თავში არის მუხლი, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ, თუკი კონკრეტულად დასახელებული ნორმა არ არის მეორე თავში, რომელიც უფლებებს შეეხება, მაინც გაასაჩივროს საკონსტიტუციო სასამართლოში, თუკი მისი უფლება იქნება შეზღუდული. მაგალითად, კანონის წინაშე თანასწორობა, მე-14 მუხლი. ეს მუხლი საერთოდ ამოდის კონსტიტუციიდან, ასეთი შინაარსის მუხლი აღარ იარსებებს, რაც ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მოქალაქეების დღეს არსებული ფართო უფლება მიმართვისა, იქნება შეზღუდული, ეს გაუარესებაა.

ასევე არის დასაქმებასთან დაკავშირებით, გადასახადებთან დაკავშირებით, რომ რეფერენდუმის გარეშე გადასახადების შემოღება არ შეიძლება, ცვლიან, ძალიან ბევრია, მაგრამ ეს პოლიტიკოსებს არ აინტერესებთ. დღევანდელი დღის წესრიგია, როგორი წესით ავირჩიოთ 2020 წლის პარლამენტი და როგორი სასტარტო პოზიცია იქნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩემთვის ეს პროცესი არ არის სახელმწიფოებრივი.

რაც შეეხება ქორწინებას, არც დღეს, არც გუშინ, მისი სამართლებრივი რეგულირების თვალსაზრისით, არანაირი პრობლემა არ არსებობდა. შესაბამისად, კონსტიტუციაში ამ საკითხის ასახვა-არასახვა  მხოლოდ პოპულისტურია. გასულ წელსაც იყო ეს თემა გაცოცხლებული, პრემიერი ჩაერთო ამ სამარცხვინო პოპულიზმში. ჩემთვის აბსოლუტურად უსაგნოა ამ საკითხზე მსჯელობა.

–         უმცირესობებისთვის რა შედეგი დადგება ამის ასე დარეგულირებით?

ლევან ალაფიშვილი: ამაზე ჩემი სიტყვებით აღარ გიპასუხებთ, მოვახდენ „ვენეციის კომისიის“ ციტირებას, რომელმაც პოლიტიკურ პოპულიზმზე ძალიან მახვილგონივრულად უპასუხა: კი ბატონო, პრობლემა არ გაქვთ დღეს არსებულ კონსტიტუციაში, ჩაწერთ თუ არა ამას ესეც თქვენი უფლებაა, მაგრამ როგორც კი ჩაწერთო, იქვე მეორე პუნქტად აუცილებლად  მიაყოლეთ, რომ ზუსტად ერთსქესიანთა უფლებები იყოს დაცულიო. ჩვენმა ხელისუფლებამ საკუთარ თავს დაუგო მახე, აღარ გვინდა ქორწინების კონსტიტუციაში ჩაწერაო. თუ ჩაწერს და მიაყოლებს კიდეც ერთსქესიანთა ჩანაწერსაც, ეს ხომ მათივე პოლიტიკური პოპულიზმის ნაღმზე აფეთქება არის? ეს ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია.

–         ბოლოს მაინც მინდა გკითხოთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რეალურად და თქვენც საუბრობდით ამაზე, გადაუნაწილებელი მანდატები და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თარიღი რჩება აქტიური განხილვის საგნად. თუ ელოდებით რაიმე შედეგს დიალოგიდან?

ლევან ალაფიშვილი: ეს კონსულატიცები კი არა, ჩემთვის პირადად არის ვაჭრობა, ვის რამდენი, როგორ, რანაირად. „ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციასთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდ სამი საკითხი ჰქონდა –  პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება პირდაპირი წესით, სხვა ერთი სიტყვა არაა, ტერიტორიულ მოწყობაზე საერთოდ ჩუმად არიან და კონსტიტუციაშიც არაფერი შეცვალეს, რაიმე მოსაზრება მაინც უნდა გვენახა, ეს უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს, ოკუპირებული ტერიტორიების კვალობაზე და მესამე საკითხი, პირდაპირ და ლაკონურად უწერიათ წინასაარჩევნო პროგრამაში, რომ შეცვლიან შერეულ სისტემას პროპორციული სისტემით. შეგვიძლია, მოვძებნოთ და შევახსენოთ ყველამ ერთად ხელისუფლებას, რომელ დაპირებას ასრულებს? იმას რაც მის პოლიტიკურ დღის წესრიგშია. ცვლის კონსტიტუციას ისე, როგორც მიაჩნია საჭიროდ, რაც დაჰპირდა, იმას არ ასრულებს. ამას მოსახლეობის, ამომრჩევლის მოტყუება ჰქვია იმიტომ, რომ ამომრჩეველს მისთვის ამის მანდატი არ მიუცია.

 

 

თაკო ივანიაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g