როგორც დღეს ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ განაცხადა, ნიკა გვარამია აღარ არის უფლებამოსილი, განაგრძოს საქმიანობა, როგორც „რუსთავი 2“-ის გენერალუმა დირექტორმა და მის არც ერთ ხელმოწერას არ აქვს იურიდიული ძალა. ადვოკატის საუბრიდან გამოიკვეთა, რომ მათი მხარე ტელევიზიაში იძულებით შესვლას არ აპირებს, მაგრამ თუ ნიკა გვარამია კაბინეტში გამოიკეტება, ტელევიზიის მუშაობა შეფერხდება, რადგან არხი ვეღარ შეძლებს ვერაფრის შეძენას. სწორედ ამიტომ გაჩნდა შეკითხვა, თუკი მოვლენები ამ გზით წარიმართება, როგორ გაგრძელდება სხვადასხვა გადაცემის გადაღება.
„ნიჭიერის“ „ფეისბუქ“-გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი გადაღება, რომელიც „ისთ ფოინთში“ უნდა შემდგარიყო, გადაიდო. გაჩნდა შეკითხვა, იმოქმედებს თუ არა შექმნილი ვითარება მათ შორის ამ ტელეპროექტზეც.
Fortuna.ge დაუკავშირდა „ნიჭიერის“ პიარსამსახურს და მივიღეთ პასუხი იმის შესახებ, რომ უნდა შემდგარიყო ერთ-ერთი შიდა გადაღება, რომელსაც მაყურებელიც უნდა დასწრებოდა. ეს გადაღება გადაიდო, მაგრამ აუცილებლად შედგება. „ნიჭიერი“ კი ჩვეულებრივად გაგრძელდება და ორშაბათს მაყურებელი ახალ ეპიზოდს იხილავს.