ლაზარე გრიგორიადისის განცხადებას, იმის შესახებ, რომ „არაფერს ნანობს“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პასუხობს.
ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად, მდინარაძე ამბობს, რომ მისი საქციელი მხოლოდ ლაზარე გრიგორიადისის ბრალი არ არის. მდინარაძის თქმით, ის გარკვეულმა პოლიტიკოსებმა წააქეზეს.
„დარწმუნებული ვარ, სასჯელს მოიხდის, თუ მიუსჯის სასამართლო, გავა წლები და ეს ადამიანიც კი გონზე მოვა და მიხვდება, რომ ასეთი ცინიზმი ქართველი პოლიციელის მიმართ არის წარმოუდგენელი და უპატიებელი..
თან მისი ბრალი კი არ არის მარტო, ეს ახალგაზრდა ადამიანი წააქეზეს ამ დანაშაულის ჩასადენად. არსებობენ სხვა ადამიანები, უკვე შემდგარ პოლიტიკოსებს რომ უწოდებენ თავის თავს, რომლებიც აქეზებენ, ამართლებენ. მოლოტოვის კოქტეილები რაღაც ბანერებზეც კი დახატეს, დაასურათეს და მიდიოდა ამის გამართლება, შესაბამისად ეს ადამიანიც ამ ნარატივზე გადაერთო და მივიღეთ მოლოტოვის კოქტეილის სროლა, პოლიციელის დაწვის მცდელობა და შემდეგ ამასთან დაკავშირებული ამის ავტორის მიერ ცინიკური დამოკიდებულება. რაც უკიდურესად დამაზიანებელი და სამწუხაროა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ინფორმაციისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან “ინტერპრესნიუსის“ კითხვებს პასუხობს. წერილში გრიგორიადისი აცხადებს, რომ ის „არაფერს ნანობს“.