LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავედით და ეგაა: საქართველომ ანდორას მოუგო და პირველობა თითქმის გაინაღდა (ვიდეო)

26

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და იმის გათვალისწინებით, რომ სხვა შეხვედრებში ჩვენთვის ერთობ ხელსაყრელი შედეგები დაჯდა, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენები ჯგუფს დაძლევენ და პლეი-ოფში გავლენ.
მდგომარეობა ახლა ასეთია: 9 ქულა გვაქვს, ჩვენს სამივე მეტოქეს კი 2-2 ქულა. დარჩენილი სამი მატჩიდან ერთიც რომ მოვიგოთ ყველასთვის მიუღწეველი ვიქნებით. ამის გაკეთება კი, რამდენიმე დღეში რიგაშივე (16 ოქტომბერს) შეგვიძლია.

 

საქართველო ანდორა 3:0
თბილისი. “დინამო არენა”
გოლები: 1:0 ყაზაიშვილი (31), 2:0 ყაზაიშვილი (84), კანკავა (90+4)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, კიტეიშვილი (ანანიძე 68), ჩაკვეტაძე (ჭანტურიშვილი 89), კაჭარავა (გვილია 81)

 

https://www.youtube.com/watch?v=ZW7xkV_yniw

 

ის, რომ საქართველოს ანდორასთვის უნდა მოეგო, ამაზე ყველა თანხმდებოდა, თუმცა ეს სამი ქულა, რომ ციდან არ ჩამოფრინდებოდა, ესეც ვიცოდით. ანდორას ბოლო 5 თამაში არ წაეგო, მისთვის გოლის გატანაც აღარ არის მარტივი საქმე (არაბობოლებისთვის ცხადია) და საინტერესო იყო იმის ხილვა, დაცვაში მოთამაშე მეტოქეს საქართველო რას და როგორ მოუხერხებდა.

მართალია საბოლოოდ დიდი ანგარიშით მოვიგეთ და მთელი მატჩი უდიდესი უპირატესობა გვქონდა, თუმცა უშრომელად მართლაც არაფერი მოსულა. ჭირდა მომენტების შექმნა და ნაღდი ხიფათი სულ ერთი და ორი თუ შევქმენით. არ გამოვიდა არც სწრაფი გოლი, არც საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმები და არც სტანდარტულებით ვაი-უშველებელის შექმნა. სამაგიეროდ გამოვიდა ბურთის ფლობა, ბევრზე ბევრი კუთხური, კვლავ და კვლავ კარის მშრალად შენახვა და რაც მთავარია საჭირო დროს საჭირო გოლები.

პირველი ტაიმში ვაკო ყაზაიშვილმა საჯარიმოში მოიგდო ბურთი და შემობრუნებით ისე დაარტყა, რომ ბურთი ძელს მოხვდა და კარში წავიდა – 1:0.
მეორე ტაიმში კანკავას თავურს თუ არ ჩავთვლით, საგოლე შანსი არ გვქონია, სანამ კვეკვესკირმა მშვენივრად არ შეუგორა ბურთი ყაზაიშვილს საჯარიმოში, ვაკომაც დაამუშავა, მცველი მოიშორა და მეკარეც უშანსოდ დატოვა – 2:0.

მსაჯის წამატებული დროც იწურებოდა, როდესაც მარჯვნიდან კაკაბაძემ ჩააწოდა და კანკავამ თავით გადაგზავნა ბურთი კარში, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.
რაღა დაგვრჩა – ზემოთაც ვთქვით, ჯგუფის მოგებამდე თითქმის არაფერი. ლატვიასთან ფრეც საშუალებას მოგვცემს ეს გუნდი უკვე ახლავე ჩამოვიშოროთ, პლუს ყაზახეთი-ანდორადან ერთი ჩამოშორდება თუ რომელიმემ მოიგო, ხოლო ისიც თუ ფრედ დასრულდა, პირველზე გავალთ. თუმცა ამდენ დათვლას სჯობს, დაველოდოთ უახლოეს მატჩებს და რაც მთავარია დაველოდოთ ჩვენი გუნდის მორიგ წარმატებებს.

ერთა ლიგის ჩვენ ჯგუფს იგებს ის, ვისაც უნდა მოეგო…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები