LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზაფხულზე თბილისში ველოტრასები მოეწყობა

21

თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში დედაქალაქში, ველობილიკების მოწყობის პროექტს ამუშავებენ.

უახლოეს მომავალში, ქალაქში 25–მდე უფასო ველოსადგომიც დამონტაჟდება, ძირითადად ისეთ ლოკაციებზე, რომლებიც გარე კამერების ხედვის არეალშია.

როგორც “ფორტუნას” ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა მირიან ლებანიძემ განუცხადა, რამდენიმე მარშრუტის პროექტი მზადაა. პირველ რიგში კი მუშავდება მარშრუტი– დედაენის ბაღიდან ბაგრატიონის ხიდამდე და წრიულად, (მტვრის ორივე მხარეს) კვლავ დედაენის ბაღამდე.

ამ მარშუტის პრაქტიკაში განხორციელება უკვე გაზაფხულზე იგეგმება. ველოტრასები ტროტუარის ნაწილში მოეწყობა.

 

             ეს მარშრუტი უკვე დატესტილია

 

“ველოტრასების მარშრუტებზე, მერიის სხვადასხვა სამსახური მუშაობს. ჩვენ ვამუშავებთ ამ კონკრეტულ მარშრუტს. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” ერთად ვგეგმავთ სხვადასხვა კამპანიებს. თბილისის ინფრასტრუქტურა ამ დროისთვის ველოსიპედებისთვის ადაპტირებული საერთოდ არ არის. ჩვენმა სამსახურმა თავად დავტესტეთ ეს მარშრუტი. საუბარია იმაზე, რომ ინფრასტრუქტურა ველოსიპედისტისთვის უნდ აიყოს უსაფრთხო და ამასთან, ველოსიპედით მოსიარულე ქვეითისთვის საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდეს. სწორედ ასეთ დეტალებზე მიმდინარეობს მუშაობა”, – განაცხადა მირიან ლებანიძემ “ფორტუნასთან”.

მისივე თქმით, თბილისის ინფრასტრუქტურის პირობებში ველობილიკის მოწყობა საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა.

აღნიშნული მარშრუტის მოწყობის შემდეგ, მერია მოსახლეობის დაინტერესებიდან გამომდინარე სხვა ველომარშრუტებზეც იმუშავებს.

 

         თბილისელი ველომოყვარულები ექსპერიმენტისთვის მზად არიან

 

“ფორტუნა” ერთ–ერთ ველომოყვარულ ლუკა კირკიტაძესაც დაუკავშირდა, რომელიც ველოტრასების მოწყობის მომხრეა. თუმცა, ლუკას თქმით, ამ ტრასის მეშვეობით, ველოსიპედს როგორც ტრანსპორტს მაინც ვერ გამოიყენებს.

“ამ მარშრუტით სამსახურში წასვლას ვერ მოვახერხებ ველოსიპედით. ვერც ამ მარშრუტამდე მივალ ველოსიპედით უსაფრთხოდ. შესაბამისად პრობლემა, ამ ტრანსპორტით ქალაქში გადაადგილებისა, კვლავ პრობლემად დარჩება. ამასთან, თუ ველოტრასები ტროტუარებზე უნდა განთავსდეს, პირველ რიგში ტროტუარებიდან ავტომობილების ჩამოყვანაზე უნდა იზრუნოს მერიამ, რომ იქ ჯერ ქვეითების და შემდეგ ჩვენთვის ადგილი გაჩნდეს. ახლა ტროტუარზე ყველაგან ავტომობილს შეხვდებით, ასეთ პირობებში ველობილიკზე გადაადგილებაც შეუძლებელი გახდება”, – განაცადა ლუკა კირკიტაძემ “ფორტუნასთან”.

 

              პრობლემები და მომავალი

 

რთულია, იმ ქვეყანაში, სადაც ფეხით მოსიარულეებისთვის ადგილი არ არის, ველოტრასებზე საუბარი, თუმცა აღსანიშნავია, რომ თბილისის ავტომობილებისგან განსატვირთად მერიას ბევრი ღონისძიება აქვს დაგეგმილი. მათ შორის: ავტომობილების იმპორტზე აქციზის ზრდა, ავტომობილზე ქონების გადასახადის დაწესება, საწვავის აქციზის ზრდა, ტროტუარებზე პარკინგის გაუქმება და ა.შ.

ამ ყველაფრის განხორციელების შემდეგ, ველოსიპედზე, როგორც ქალაქში გადასაადგილებელ კომფორტულ სატრანსპორტო საშუალებაზე საუბარი, უფრო რეალური იქნება.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ასახელებენ არის მთაგორიანი რელიეფი თუმცა…

 

        ევროპის გამოცდილება

 

ჟენევა, პრაღა, ლისაბონი, სან-ფრანცისკო, ვანკუვერი, ბოგოტა – ეს იმ ქალაქების არასრული სიაა, სადაც რელიეფი თბილისზე არანაკლებ მთაგორიანია, თუმცა ველოსიპედით მოსარგებლეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და პოპულარული ხდება. უფრო მეტიც, თუ შევადარებთ ჰოლანდიის ქალაქების ლონდონის, მანჩესტერისა და კარდიფის რელიეფებს, ისინი უფრო მთაგორიანია. მიუხედავად ამისა, ჰოლანდიაში ყოველდღიური გადაადგილებისას ველოსიპედით სარგებლობა 30% აღწევდეს. ამასთან უნდა აღინიშნოს, უპრეცედენტო დონე ინოვაციების ველოსიპედის დიზაინში, რამაც კიდევ უფრო ადვილი და ხელმისაწვდომი გახადა მოხმარება ყველა ტიპის გზებზე.

ყველასთვის ნათელია, რომ მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღ ტრანსპორტად აღიარებული სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისთვის აქტიურად გამოყენება მილიონნახევრიან ქალაქში სასარგებლოსთან ერთად საჭიროც არის, რადგან დღეს პარკინგისა და საზოგადოებრივი სივრცეების შეკუმშვა, ამასთან, ერთსაათიანი საცობები ყოველდღიურ რეალობად იქცა და ქალაქში თავისუფალი სივრცეები თითქმის აღარ არის.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები