LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენადი არველაძე კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

109
გენადი არველაძე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკურ საკითხებში კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს კიმ ჰი სანგს შეხვდა.

მხარეებმა ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, მათ შორის, საგარეო ვაჭრობის, ინვესტიციების ურთიერთდაცვის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, საზღვაო ტრანსპორტის, საჰაერო მიმოსვლის დაწყების, ტურიზმისა და სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.

გენადი არველაძემ დადებითად შეაფასა კორეის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილება 2024 წლის ბოლოს საქართველოში საელჩოს გახსნის თაობაზე. მისი თქმით, მუდმივმოქმედი დიპლომატიური წარმომადგენლობის ამოქმედება დიდად წაადგება საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის პარტნიორულ ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს ქართველ და კორეელ ხალხებს  შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას.

შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვეს, რომ აღნიშნული შეთანხმება თავისუფალ ვაჭრობასაც მოიცავს. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ვაჭრობის ზრდას, მათ შორის, ქართველ ექსპორტიორებს კორეის რესპუბლიკის დაახლოებით 50-მილიონიან ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შეტანის შესაძლებლობას მისცემს.

გარდა ამისა, საუბარი წარიმართა შეთანხმებაზე ინვესტიციების ორმხრივი ხელშეწყობის შესახებ, რომლის თაობაზე ქვეყნებს შორის მეოთხე რაუნდი 18-19 აპრილს იმართება. აღინიშნა, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ინვესტიციების სფეროში და გაზრდის ქართული და კორეულის ბიზნეს წრეების დაახლოებას.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტურიზმის სექტორში და აღინიშნა, რომ რეგულარული პირდაპირი ფრენების დანიშვნა ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ტურიზმის მიმზიდველი მიმართულების მიმართ კორეელების მზარდ ინტერესს. კერძოდ, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან 191%-ით მეტი ტურისტი ჩამოვიდა . ხაზი გაესვა იმ გარემოებასაც, რომ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის 2021 წლიდან გაფორმებულია საავიაციო სფეროში შეთანხმება.

მინისტრის მოადგილეები, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების მეტად გაღრმავების მიზნით, საქართველო-კორეის რესპუბლიკის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომის მიმდინარე წლის ბოლომდე, თბილისში ჩატარებაზე შეთანხმდნენ.