LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენადი არველაძე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის რიგით მე-13 მინისტერიალში მონაწილეობს

122
11

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) რიგით მე-13 მინისტერიალში მონაწილეობს, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ აბუ-დაბიში მიმდინარეობს.

მინისტერიალის მონაწილეებისადმი მიმართვაში მინისტრის მოადგილემ ყურადღება მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ გამოწვევებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ ფონზე ძალზედ მნიშვნელოვანია მრავალმხრივი საერთაშორისო სავაჭრო სისტემის გამართული მუშაობა, რასაც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში შემუშავებული საყოველთაო წესები უზრუნველყოფს.

„მნიშვნელოვანია, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს საშუალება ეძლევათ, განიხილონ არსებული სავაჭრო-ეკონომიკური გამოწვევები და ეძიონ მათი გადაჭრის გზები. მინისტერიალის ფარგლებში, საქართველო ინვესტიციების წახალისებისა და განვითარების შესახებ შეთანხმების თაობაზე დეკლარაციას მიუერთდა. აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს წევრ ქვეყნებს შორის საინვესტიციო ღონისძიებებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალობას და ინვესტორთა საქმიანობისთვის ადმინისტრაციული ბარიერების გამარტივებას. ჩვენ ასევე გამოვეცით მომსახურების სფეროში შიდა რეგულირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული კორიგენდუმი.  ეს შეთანხმება უზრუნველყოფს მომსახურების სექტორში გამჭვირვალობის ამაღლებას და ბიუროკრატიული ბარიერების მნიშვნელოვნად შემცირებას. აღსანიშნავია, რომ გამჭვირვალობის თვალსაზრისით ორივე მიმართულებით, როგორც ინვესტიციების, ისე მომსახურებით ვაჭრობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და ამ მხრივ, არა მხოლოდ ფართო რეგიონის, ასევე მსოფლიო მასშტაბით ლიდერ ქვეყნებს შორისაა“, – აღნიშნა გენადი არველაძემ. მისი თქმით, საქართველო ასევე პოზიტიურად განიხილავს მეთევზეობის სუბსიდირების შეთანხმებასთან მიერთების საკითხს.

მინისტერიალის დღის წესრიგი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეძღვნება როგორებიცაა: ვაჭრობისა და ინვესტიციების განვითარება, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, ელექტრონული კომერცია, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული თემები, მეთევზეობის სფეროში სუბსიდირება, მომსახურების სფეროში შიდა რეგულირება და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები