ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არ განიხილავს გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურიას საქმეს. ბრალდებული სხდომის გადადებას და დასაფიქრებელ დროს ითხოვდა, მოსამართლემ კი ნაწილობრივ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა – რამდენიმე წუთიანი შესვენება ორჯერ გამოაცხადა და ბრალდებულს მოსაფიქრებელი დრო მისცა.
ჭანტურია და მოსამართლე დარბაზში რამდენიმე წუთის განმავლობაში კამათობდნენ სხდომის გადადების შესახებ. ბრალდებული აცხადებდა, რომ პასუხი არ გააჩნდა.
უნდოდა თუ არა ნაფიც მსაჯულებს განეხილა მისი საქმე, საბოლოოდ, გიორგი ჭანტურიამ მოსამართლეს არ უპასუხა. მოსამართლემ იმ მოტივით, რომ ბრალდებულმა პასუხი არ გასცა, საქმე არსებითად განსახილველად ერთპიროვნულ მოსამართლეს გადასცა.
ცნობილია, რომ საქმეზე არსებითი განხილვა 10 ოქტომბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭანტურია 7 აგვისტოს ღამით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა, რომელთანაც მას დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდა. უწყების ცნობით, შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა.
ამასთან, ქუთათელაძე მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
ცნობილია, რომ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას სამი ავტომატი, 500 ვაზნა და 24 მჭიდი ამოიღეს.