ამიერიდან გერმანელებს შეუძლიათ შეუკვეთონ სინთეზური ბრილიანტი, დამზადებული ახლობლის ან ცხოველის ფერფლისგან და ჩასვან ის ბეჭედში ან სხვა სამკაულში, რათა ყოველთვის თან ატარონ. გლოვის ეს ფორმა ოფიციალურად დაუშვეს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე რაინლანდ-პფალცის და აღმოსავლეთ მხარეს არსებული საქსონია-ანჰალტის ფედერალურ მიწებზე. სიახლის შესახებ DW წერს.
სინთეზური ბრილიანტები მიიღება მაღალ ტემპერატურასა და წნევაზე ფერფლიდან გამოყოფილი მიკროსკოპული, გაწმენდილი ნახშირბადის ნაწილაკისგან – ისეთ პირობებში, რომლებიც დედამიწის სიღრმეებში მიმდინარე ტექტონიკურ პროცესებს იმეორებს.
პროცესი ასეთია: გაწმენდილი ნახშირბადი ერწყმის პატარა ალმასის მარცვალს და გარკვეული დროის შემდეგ იწყებს კრისტალიზაციას, შედეგად კი წარმოიქმნება ბრილიანტი. ეს ყველაფერი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე – სასურველი ზომის მიხედვით. სურვილის შემთხვევაში კლიენტი ირჩევს ქვის ფერსაც, იქნება ეს ყვითელი, ვარდისფერი, მწვანე თუ მალინისფერი.
გარდა ამისა, გერმანიის დასავლეთ მიწების მცხოვრებლებს ახლა შეუძლიათ უკანასკნელ განსასვენებლად ერთ-ერთი დიდი გერმანული მდინარეც – რაინი ან მოზელი აირჩიონ. ადრე მდინარეში ფერფლის ჩაყრა აკრძალული იყო, მაგრამ ახლა ნებადართულია. ამ ფორმით მხოლოდ ის ადამიანები შეიძლება დაიკრძალონ, რომლებმაც მთელი ცხოვრება ამ მიწებზე გაატარეს.