გერმანელმა მეცნიერებმა ტვინის ერთ-ერთი ყველაზე რთულად სამკურნალო სიმსივნის წინააღმდეგ შექმნილი ექსპერიმენტული ვაქცინის კლინიკური კვლევის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნეს. კვლევის მიხედვით, ვაქცინამ პაციენტებში ძლიერი იმუნური პასუხი გამოიწვია და დაავადების პროგრესირების შენელების პოტენციალი აჩვენა.
კვლევა ჩატარდა German Cancer Research Center-ის, Heidelberg University Hospital-ისა და სხვა გერმანული სამედიცინო ცენტრების მონაწილეობით. მასში მონაწილეობდა 33 პაციენტი, რომლებსაც ახლად დიაგნოზირებული IDH1 მუტაციის მქონე ასტროციტომა (გლიომის ერთ-ერთი ფორმა) ჰქონდათ. ვაქცინა გამოიყენებოდა სტანდარტულ მკურნალობასთან – ოპერაციასთან, ქიმიოთერაპიასა და სხივურ თერაპიასთან ერთად.

მკვლევრების განცხადებით, პრეპარატმა უსაფრთხოების კარგი პროფილი აჩვენა და პაციენტების უმრავლესობაში ძლიერი იმუნური რეაქცია გამოიწვია, რაც ორგანიზმს სიმსივნური უჯრედების ამოცნობასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება. სპეციალისტების შეფასებით, ამ მიდგომამ შესაძლოა მომავალში ტვინის გარკვეული ტიპის სიმსივნეების მკურნალობის შედეგები მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს, თუმცა ამის დასადასტურებლად უფრო მასშტაბური, გვიანი ფაზის კლინიკური კვლევებია საჭირო.
კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ეს ჯერ არ არის ფართოდ ხელმისაწვდომი სამკურნალო მეთოდი და ვაქცინა კვლავ კლინიკური კვლევების ეტაპზე რჩება.