მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა მასსა და საქართველოში გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს შორის გამართული შეხვედრის შესახებ კითხვის საპასუხოდ, ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში ელჩი არ დაუბარებიათ, ის საკუთარი სურვილით მივიდა.
„თვითონ მოვიდა. ითხოვა, ჩვენ, გერმანიის კონკრეტული ორგანიზაციები „ენჯეოებს“ რომ დავაფინანსებთ, გაგვათავისუფლეთო. ჩვენ ვუთხარით, რომ კანონი ყველა ქვეყანაზე ვრცელდება, ყველა უცხოურ დაფინანსებაზე, ვერ გავაკეთებთ გამონაკლისებს, ინკლუზიური კანონმდებლობა გვაქვს და დისკრიმინაციას არ ექვემდებარება. [მთავრობის ადმინისტრაციაში] თვითონ მოვიდა, ჩვენ არ დაგვიბარებია. საგარეოში მის დაბარებას ჰქონდა წინაპირობები, განცხადებები, ქმედებები. მას აუხსნა საგარეო საქმეთა სამინისტრომ,რაში მდგომარეობს დაბარების მიზეზები. ძალიან კარგად იცის. ჩვენ ვისაუბრეთ გრანტების შესახებ. შეხვედრას მე და ჩემი მოადგილე ვესწრებოდით“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პეტერ ფიშერს გუშინ შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ბოლო პერიოდის დინამიკა განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა არ არის კმაყოფილი ორ ქვეყანას შორის დღეს არსებული ურთიერთობების დონით და იმედოვნებს, რომ ვითარება შეიცვლება.