დევნილთა სააგენტომ სახლების მშენებლობის პროექტში მონაწილე დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები გამოაქვეყნა – ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს, როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, „გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება.“
მათივე ცნობით, პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეეძლებათ, რომლებიც საკუთრებაში, 2021 წლის 1 აპრილამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ.
როგორც დევნილთა სააგენტოს ინფორმაციაში ვკითხულობთ, პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით, განაცხადების მიღების მეხუთე ეტაპზე, აპლიკაცია 278-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო, ხოლო, მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ ოჯახს წინასწარი ქულა მიენიჭა.
„წინასწარი ქულების გამოქვეყნების შემდგომ, 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ქულები გადაფასდა. კორექტირებული სია დევნილთა სააგენტოს ვებგვერდზე www.idp.gov.ge გამოქვეყნდა,“ – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე განცხადების თანახმად, მონიტორინგის ჯგუფები დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან და მონიტორინგს ყველა ის დევნილი ოჯახი დაექვემდებარება, რომელსაც მინიმუმ 1 ქულა აქვს მინიჭებული. სააგენტოს ცნობით, გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება.
„კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და მასში ჩართულები იქნებიან საერთაშორისო ორგანიზაციებისა წარმომადგენლები,“ – ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 200-ზე მეტი სახლი აშენდება.