გერმანიის საელჩომ საქართველოში, აფხაზეთს 46 ათასი ევროს ღირებულების ჯანდაცვის აღჭურვილობა გადასცა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საელჩო აფხაზეთის მოსახლეობას, კოვიდ-19-თან ბრძოლისთვის აუცილებელ დახმარებას უწევს.
საელჩოში ამბობენ, რომ პანდემია აფხაზეთის მოსახლეობისთვისაც დიდ პრობლემას წარმოადგენს, ხოლო იმისათვის, რომ დიაგნოზის დასმის შესაძლებლობები, მკურნალობა და სამედიცინო პერსონალის დაცვა გაუმჯობესდეს, საელჩო სამედიცინო დაწესებულებებს ჯადაცვის აღჭურვილობას გადასცემს:
“კოვიდ-19-თან ბრძოლისათვის აუცილებელი დახმარება აფხაზეთის მოსახლეობისთვის.
ვირუსი მთელს მსოფლიოში საზღვრების მიუხედავად ვრცელდება. პანდემია აფხაზეთის მოსახლეობისთვისაც დიდ პრობლემას წარმოადგენს. იმისათვის, რომ იქ გაუმჯობესდეს დიაგნოზის დასმის შესაძლებლობები, მკურნალობა და სამედიცინო პერსონალის დაცვა, გერმანიის საელჩომ სამედიცინო დაწესებულებებს სოხუმსა და გუდაუთაში გადასცა დაახლოებით 46 ათასი ევროს ღირებულების გენერატორი, ჟანგბადის კონცენტრატორები, ულტრაიისფერი ნათურები, პულსოქსიმეტრები, სწრაფი ტესტები, დამცავი ნიღბები და სადეზინფექციო საშუალებები.” – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.