პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში 200 ათასზე მეტი აქტიური კოვიდშემთხვევის მიუხედავად, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა არ არის და ჯანდაცვის მინისტრი სიტუაციას სრულად აკონტროლებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ეპიდვითარების შესახებ დღეს, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არის მოლოდინი, უახლოეს რამდენიმე კვირაში ინფიცირების რაოდენობა შემცირდება და აპრილისთვის სიტუაცია დასტაბილურდება:
“პანდემიის მართვის კუთხით ჯანდაცვის მინისტრს სრული კონტროლი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ 200 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში, დაწოლა აბსოლუტურად არ გვაქვს ჰოსპიტალურ სექტორზე, მინისტრი სრულად ფლობს და აკონტროლებს სიტუაციას.
რა თქმა უნდა, არც ერთი მოქალაქე არ დარჩება ყურადღების გარეშე. 8 000-ზე მეტი ჰოსპიტალური საწოლია მობილიზებული, აქედან 6 000-მდე არის ათვისებული, ანუ 2 000-ზე მეტი საწოლი გვაქვს თავისუფალი და პროცესი სრული კონტროლის ქვეშ არის.
პროცესში ჩართულია 150-ზე მეტი ონლაინკლინიკა და რამდენიმე ასეული ოჯახის ექიმი. კონტროლი გვაქვს სრული და მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ ზურაბ აზარაშვილს, რომელმაც აქტიურად დაიწყო მუშაობა ამ მიმართულებითაც.
არ მინდა, წინასწარ პროგნოზირება გავაკეთო, მაგრამ სამინისტროს მოდელირება აქვს გაკეთებული და არის მოლოდინი, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში ქვემოთ წამოვა, შემცირდება ინფიცირების რაოდენობა და ვფიქრობთ, მარტის ბოლოსთვის, აპრილისთვის სიტუაცია დასტაბილურდება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, დღის კოვიდსტატისტიკა ასეთია – ბოლო 24 საათში დაინფიცირდა 4 028 ადამიანი და გარდაიცვალა 21 პაციენტი.
თუმცა, როგორც მოგვიანებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, დღეს გამოქვეყნებული კოვიდინფიცირებულთა რიცხვი რეალურ სიტუაციას არ ასახავს, რადგან ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი მაღალია და ის თითქმის 40%-ია.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, გასულ შაბათ-კვირას პორტალს ანახლებდნენ და ტექნიკური სამუშაოების გამო ყველა მონაცემის პორტალზე ატვირთვა ვერ მოხერხდა.