1 ივლისს პრინცესა დაიანას იუბილეა, ლეიდი დი 60 წლის უნდა გამხდარიყო. რომ არა 1997 წლის 30 აგვისტოს ტრაგედია, დღეს ის ცოცხალი იქნებოდა. პრინცესა დაიანას იუბილესთან დაკავშირებით გამოცემა „დეილი მეილმა“ მისი სიცოცხლის ბოლო წუთები გაიხსენა. გამოცემამ აღადგინა ინტერვიუები იმ ადამიანებთან, რომლებსაც ბოლო წუთებში დაიანასთან კონტაქტი ჰქონდათ. მათ შორის იყვნენ გამვლელები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები, რეანიმატოლოგები და პაპარაცები. ავარია მაშინ მოხდა, როდესაც პრინცესა დაიანა დოდი ალ-ფაიედთან და დაცვის წევრთან ერთად სასტუმრო „რიცადან“ გამოვიდა, გვირაბში მიმავალი მანქანა ბოძს შეეჯახა.
პირველი შემთხვევის ადგილზე გაჩნდა ექიმი ფრედრიკ მეიეზი, რომელიც ადგილზე შემთხვევით აღმოჩნდა. ექიმს თან ჰქონდა სააფთიაქო ჩანთა და მან ადგილზევე სცადა პირველადი დახმარების აღმოჩენა. ის ამბობს, რომ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, ვის ეხმარებოდა. ახსოვს, რომ დაიანა მანქანის უკანა სავარძელზე იწვა, მას სახე დაზიანებული ჰქონდა, თუმცა სუნთქავდა და საუბრობდა: „ღმერთო, რა მოხდა?!“ – ეს იყო სიტყვები, რომელიც დაიანამ ექიმს უთხრა. 10 წუთში ადგილზე გაჩნდა პოლიციაც, ნახევარ საათში კი პრინცესა დაიანა კლინიკაში გადაიყვანეს. პიტიე-სალპეტრიემის კლინიკაში ექიმები მთელი სამი საათის მანძილზე ცდილობდნენ პრინცესა დაიანას გადარჩენას, ჩატარდა გულის მასაჟი, გული დაიანას რამდენჯერმე გაუჩერდა, თუმცა მალევე შინაგანი სისხლდენა დაიწყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ავტოსაგზაო შემთხევვის გამოძიება 18 თვეს გაგრძელდა, დადგინდა, რომ დამნაშავე იყო მძღოლი, ანრო პილი, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის და დოდი ალ-ფაიედი ადგილზე გარდაიცვალნენ. გადარჩა მხოლოდ დაიანას დაცვის წევრი, ტრევორ რის-ჯონსი, რომელიც მომხდარს ვერ იხსენებს.