„აი, მაგალითად, ახლა რომ მოვრჩებით ჩვენს საუბარს, მე მოგასმენინებთ ჩემს უკანასკნელ ნაწარმოებს, რომლის მერე მე შევწყვიტე მუსიკის წერა და რომელსაც ჰქვია „წუთისოფელი“.
ეგ არის ხალხური ლექსი: „წუთისოფელი რა არის, აგორებული ქვა არის“… და ასე შემდეგ. აქ უკვე ტექსტიდან გამოვდიოდი, როცა მუსიკას ვწერდი“. – აღნიშნა გია ყანჩელმა ია ანთაძესთან ვრცელ ინტერვიუში, რომელიც ახლახან „პირველი არხის“ საიტზე გამოქვეყნდა.
ცნობილი კომპოზიტორი, რომელიც ბოლო ხანს ჯანრმთელობის პრობლემებს უჩივის და ამჟამად თბილისში იმყოფება, საუბრობს საკუთარი ბავშვობიდან მოყოლებული ყველა საინტერესო თემაზე, მათ შორის იმაზეც, რატომ არ სრულდება მისი კლასიკური ნაწარმოებები ხშირად საქართველოში:
„ერთადერთი, ვინც ჩემს მუსიკას უკრავს, ნიკოლოზ რაჭველია. მეტი აღარავინ უკრავს. მაგრამ მე ეგ ნაკლებად მადარდებს იმიტომ, რომ თვეში, დაახლოებით, 100 შესრულება მაქვს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. რა ვქნა ახლა, თუ ჩვენთან ასეთი სიტუაციაა.
– ამის აზრის გაგრძელებად ვიტყვი, მაშინ, რომ თქვენ წუხდით, საქართველოში ფილარმონიული ცხოვრება არ არისო. ფილარმონიული ცხოვრებაა, როცა მუსიკის მოყვარულმა ადამიანმა წინასწარ იცის, კლასიკოსებს სად და როდის დაუკრავენ, რომ მიბრძანდეს და მოუსმინოსო.
– ეგრეა ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში.
– როგორ ფიქრობთ, ჩვენთან რატომ არ არის ეგრე?
– ჩამორჩენილი და გაჭირვებული ქვეყანა ვართ. მე მიმაჩნია, რომ სანამ ჩვენთან განათლება არ გახდება მნიშვნელოვანი ფაქტორი, სანამ უმრავლესობა იქნება გაუნათლებელი, მანამდე ასე დარჩება.
