LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი დედალამაზიშვილი: „პირველი წელი იყო ძალიან რთული, ყოველი მორიგი წელი კი უფრო და უფრო კარგია ჩვენს ქორწინებაში…“

809
გიგი-დედალამაზიშვილი

გიგი დედალამაზიშვილის ცხოვრებაში ახლა ერთ-ერთი წარმატებული პერიოდია. ჯგუფი „მგზავრები“ გლობალურ პრესტიჟულ პრემიერაზე წლის საუკეთესო ვიდეოს კატეგორიაშია ნომინირებული „როლინგ სთოუნსთან“ ერთად, ახლახან ევროპის რამდენიმე ქალაქში წარმატებით გამართული ევროტურნედან დაბრუნდა, უკრაინელ ფოტოგრაფთან მარინა კარპისთან  11-წლიანი ქორწინების იუბილე აქვს და „ჩიკაგოში“ ერთ-ერთი ყველაზე დადებითად შეფასებული როლი შეასრულა. გიგი „რუსთავი 2“-ის მეგაშოუს „გვაჩვენე შენი ხმის“ ჟიურიშიც ზის და მაყურებელს საკუთარი კომენტარებით ახალისებს. ყველა ამ თემაზე fortuna.ge-სთან სიამოვნებით ისაუბრა.

გიგი, რა ემოციები გქონდა, როდესაც წლის საუკეთესო ვიდეოს კატეგორიაში თქვენი კლიპი „ვალსი“ შევიდა?

რთული კითხვაა, ველოდებოდით თუ არა. ბევრ ფესტივალსა და დაჯილდოებაზე გვქონდა გაგზავნილი, უკვე პრიზებიც აქვს აღებული, მაგრამ ეს არის ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოება. თავად რეჟისორმა, ლადო კვატანიამ დამირეკა და ძალიან ბედნიერი იყო ამ ამბით. ძალიან გაგვიხარდა, ნამდვილად არ ველოდით ამას. პატარ-პატარა ფესტივალებზე კი, მაგრამ არა ასეთ დიდსა და პრესტიჟულზე…

ევროპტურნემ ძალიან დიდი წარმატებით ჩაიარა. ვიცი, რომ ძირითადად, ადგილობრივები ესწრებოდნენ თქვენს კონცერტებს…

პირველი ტურნესგან განსხვავებით, მეტი და მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი სტუმრობდა ჩვენს კონცერტებს, გარდა ქართველი და უკრაინელი მსმენელისა. უკრაინელები ყველგან იყვნენ, რადგან ბევრია ლტოლვილი ევროპაში, მაგრამ 90% ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა. პრაღაში, ვარშავაში, რიგასა და ესტონეთში მოდიოდნენ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები და გვიკრავდნენ ტაშს. ჩვენი ტურნეები გაზაფხულსა და შემოდგომაზე კვლავაც იგეგმება, გარდა ამისა, ზაფხულში თურქეთისკენ ავიღებთ გეზს.

წარმატებებს გისურვებთ!.. მთელი სოციალური ქსელი მოიცვა ეპიზოდებმა „ჩიკაგოდან“, სადაც შენს როლს ბრწყინვალედ ასრულებ. ბევრმა არ იცის, რომ სამსახიობო ფაკულტეტი გაქვს დამთავრებული. ალბათ, ეს შენი სამსახიობო კარიერის ყველაზე ვარსკვლავური მომენტია… ასეთ აღფრთოვანებას თუ ელოდი პუბლიკისგან? ყველა ამბობს, რომ შენ ხარ ერთ-ერთი საუკეთესო „თეატრის“ ამ სპექტაკლში. 

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, დავიწყებული მქონდა მსახიობის, სცენის, თეატრის შეგრძნება. მადლობა ზალიკო ჩიქობავას, რომ ამის შესაძლებლობა მომცა. პირველი როლი „მამა მიაში“ მქონდა, მაგრამ ეს სხვა იყო და „ჩიკაგოში“ ჩემი პერსონაჟი ძალიან ტრაგიკულია. თავიდან ვუთხარი ზალიკოს, ვიმუშავებ და თუ გავართმევ თავს, ხომ კარგი, თუ არა, სხვა შევიყვანოთ-მეთქი. ექვსი თვე ვიმუშავეთ ამ სპექტაკლზე და ძალიან რთული იყო… ყველაფერი, რაც კი შემეძლო, გავიხსენე და ჩავდე, მეც და სხვებმაც. შეიძლება ითქვას, რომ ეს როლი შედგა…

 

 

 

თეატრი♥️?♥️ჩიკაგო.

Posted by Tea Darchia on Saturday, 7 October 2023

 

 

 

ვისმა კომპლიმენტმა გაგახარა ყველაზე მეტად?

ალბათ, რეჟისორების. მათი, ვისაც თეატრალურიდან ვიცნობდი, მათ შორის იყვნენ ლევან წულაძე, თემო კუპრავა, ყველამ დადებითი თქვეს სპექტაკლზე. მათი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დედაჩემსა და ჩემს ცოლს რომ მოეწონათ, გასაკვირი არ არის, რაც უნდა გავაკეთო, ალბათ, ყველაფერი მოეწონებათ.

 

მეუღლე ახსენე და ვიცი, რომ ახლახან ერთად ყოფნის იუბილე აღნიშნეთ. რამდენი წელი გავიდა?

11. ჯერ ერთად ვერ აღვნიშნეთ, რადგან გასტროლებზე ვიყავი, ვერ შევძელი, რომ აქ ვყოფილიყავი.

 ვნახე ვიდეო, სადაც მარინა ტელეფონით უყურებს თქვენს კონცერტს. 

მისი მეგობრები იყვნენ და ჩართეს ტელეფონით, ასე უყურა კონცერტს.

დღეს როგორი ეტაპი გაქვთ თქვენს ურთიერთობაში? 

ალბათ, ყველაზე კარგი ეტაპი ახლაა. ყოველი ახალი წელი უფრო და უფრო კარგია. მე ასე ვფიქრობ. ყველაზე რთული იყო პირველი, შეგუების, თან, სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობდით, ხშირად არ გვიწევდა ერთად ყოფნა.

მარინას რა აჩუქე 11 წლის იუბილეზე?

ჯერჯერობით ვერაფერი, რადგან ზუსტად ახლა მივდივარ სახლში, რომ ვნახო…

შენი და, ნინი, ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად ხორვატიაში გადავიდა. თქვენი და-ძმობის ამბავი ყველამ იცის და არ გიჭირს მის გარეშე ყოფნა?

არ მინდოდა, რომ წასულიყვნენ და სულ ვეუბნებოდი, არ წასულიყვნენ. ძალიან მიჭირს მის გარეშე ყოფნა, მაგრამ მოისურვა, რომ საკუთარი თავი გამოსცადოს. ნინი და სანდრო ჩავიდნენ ქვეყანაში, სადაც არავინ იცნობს და ნოლიდან დაიწყებს ყველაფერი. საქართველოში ჰქონდათ პროექტები, მაგრამ ასე გადაწყვიტეს. ორ თვეზე მეტია, ჩემი და არ მინახავს. სანამ კარგად არ მოეწყობა, თავად არ ჩამოვა, მაგრამ იმედია, ჩვენ მოვახერხებთ, რომ ვესტუმროთ.

დაბოლოს, მინდა გკითხო, როგორია „გვაჩვენე შენი ხმის“ ექსპერტობა?

ძალიან სახალისო და კარგი, რადგან ამ პროექტს აკეთებს პროფესიონალების გუნდი. ბედნიერება მაქვს, რომ მათთან მეორედ ვიმუშავო. ძალიან მხიარული გადაცემაა და გავიწყებს იმ ყვოელდღიურობასა და რუტინას, რაც ახლავს ჩვენს ცხოვრებას. მადლობა ამ გადაცემას. როცა იქ მივდივარ, ყველაფერი მავიწყდება და ვარ ბედნიერი, ეს ჩანს კიდევაც ალბათ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები