მსოფლიოში მძვინვარე კორონავირუსის გამო სპორტული ღონისძიებები თითქმის მთელ პლანეტაზე შეჩერდა. გადაიდო უმსხვილესი სპორტული ტურნირები. მათ შორის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები და ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში. შესაბამისად, ვერ ტარდება ევრო 2020-ის (ახლა უკვე ევრო 2021) დარჩენილი საპლეიოფო მატჩები. 26 მარტს საქართველოსა და ბელარუსის მატჩს მთელი ქვეყანა მოუთმენლად ელოდა. უეფამ ეს თამაში სავარაუდოდ ივნისის დასაწყისისთვის გადადო, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ვერც ამ ვადებში გაიმართება თამაში და ჯერაც გაურკვეველ ახალ თარიღს ველოდებით.
ამ მატჩისადმი ინტერესი იმდენად დიდია, რომ თებერვალში ბილეთები ორიოდ დღეში, თამაშამდე ერთი თვით ადრე სრულად გაიყიდა.
მატჩის გადადებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა tkt.ge-მ:
„გაცნობებთ, რომ საქართველო-ბელარუსის ფეხბურთის მატჩი გადაიდო. გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული ბილეთით თქვენ შეძლებთ განახლებული თარიღით ჩანიშნულ მატჩზე დასწრებას, ხოლო დაბრუნების შემთხვევაში, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს, რომელიც გადმოგეგზავნათ ბილეთის შეძენისას მეილსა და მობილურის ნომერზე, სადაც სამშაბათიდან გააქტიურდება „დაბრუნების” ღილაკი. თანხა ავტომატურად აისახება ბალანსზე, სადაც სურვილისამებრ შეგიძლიათ შეინახოთ ან გადატანოთ ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე.
საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, დროებით არ იმუშავებს სალარო. ფიზიკური ბილეთის დაბრუნება შესაძლებელი იქნება სალაროს გახსნის შემდეგ.
ვწუხვართ, შექმნილი სიტუაციის გამო და რაც მთავარია, ჯანმრთელობას გისურვებთ”.