LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ჭირაქაძე: მოგების გადასახადის რეფორმით ბენეფიტს ბიზნესიც მიიღებს და მოსახლეობაც

95

ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, ბიზნესიც და მოსახლეობაც უფრო მეტ ბენეფიტს მიიღებს, ვიდრე პრობლემებს. მისი განმარტებით, ერთ-ერთი პლუსი იქნება ის, რომ მომავალი წლიდან მეტი ადამიანი დასაქმდება, ბიზნესს მეტი რესურსი და თანხა ექნება, შეძლებს რეინვესტირებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ როგორც ბიზნესი, ასევე ხელისუფლება, ამ რეფორმის განხორციელებას მომზადებული შეხვდეს.

”ეს რეფორმა იწვევს ცვლილებებს, რაც ყოველთვის რთულია. ბიზნეს ასოციაცია ცდილობს, რომ კონცენტრირებულად იმუშაოს ბიზნესთან, რათა ყველამ გაიგოს, როგორი იქნება ეს ცვლილებები. ამისთვის დრო არსებობს. 6 თვეზე მეტი გვაქვს დარჩენილი და მიგვაჩნია, რომ თუ ხელისუფლებაც და ბიზნესიც აქტიურად იქნება ჩართული ამ პროცესში, პრობლემები შემცირდება. თუმცა პრობლემები დარჩება, ტექნიკური ხასიათის მხრივ. ჩვენი ამოცანაა, საბოლოო ჯამში, უფრო მეტი ბენეფიტი მივიღოთ, ვიდრე პრობლემები”, – განაცხადა ჭირაქაძემ.

მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ძალიან ბევრი მსხვილი უცხოელი ინვესტორისგან მიიღო ზარი, სადაც ისინი საქართველოში შემოსვლის სურვილს გამოთქვამდნენ.

”ინტერესდებიან რეფორმით და გადასახადით, რადგან ხედავენ, რომ საქართველო კონკურენტუნარიანი ქვეყანა ხდება. ჩვენთან დაბალი საგადასახადო წნეხია და კიდევ უფრო დაბალი იქნება, ვიდრე სხვა ქვეყნებშია. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალი წლების განმავლობაში, 2017-2018 წლებში, ქვეყანაში გაცილებით სერიოზული საინვესტიციო გარემო შეიქმნას”, – განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.

magti 5g