პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეხმიანება ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დელეგაციის“ ხელმძღვანელის, იგორ კოჩიევის განცხადებას, რომელმაც „სოფელ უისტაში ქართული პოლიციის პოსტის გაუქმების“ იმედი გამოთქვა.
გიორგი გახარიას თქმით, მის მიმართ წაყენებული ბრალდებები კოორდინირებულია რუსეთთან და საოკუპაციო რეჟიმთან.
„დღევანდელ IPRM-ის შეხვედრაზე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ჩორჩანას საგუშაგო – რომელიც ჩემი ხელმძღვანელობით ჩაიდგა შემდგომი ოკუპაციის თავიდან ასარიდებლად – „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ იქნება აღებული. საგუშაგო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, იცავდა ჩვენს მიწას უკანონო მიტაცებისგან და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართულ მოსახლეობას მცოცავი ოკუპაციისგან. ჩორჩანას საქმეზე ჩემს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები წარმოადგენს პოლიტიკურ დევნას და პირდაპირ თავდასხმას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე, რაც აშკარად კოორდინირებულია რუსეთთან და საოკუპაციო რეჟიმთან”, – წერს გახარია სოციალურ ქსელში.
